“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, პარლამენტის წევრობის დროს, თავის დაზღვევის მიზნით, საკუთარ სამუშაო ოთახს სპეციალური მოწყობილობებით ამოწმებდა, რათა გაეგო, უთვალთვალებდნენ თუ არა.
“თეორიულად შესაძლებელია, რომ ასეთი რამ არსებობდა და არ მაქვს იმის რწმენა, რომ 100%-ით ამას არავინ იკადრებდა, მაგრამ ასეთი ფაქტი ჩემ მიმართ არ აღმომიჩენია. როცა პარლამენტის წევრი ვიყავი, ხშირად ვამოწმებდი ჩემს სამუშაო ოთახს სპეციალური მოწყობილობით. ეს არ იყო ოფიციალურად, ვიშოვე ეს მოწყობილობა და მე თვითონ [ვამოწმებდი], ხშირად ვაკეთებდი ხოლმე ასეთ რაღაცებს თავის გადაზღვევის თვალსაზრისით.
გუნდი ოჯახი კი არ არის, ხელისუფლებაა, ძალაუფლებაა და შესაბამისად, ვიღაცას ყოველთვის მოუწიოს ცდუნება თან ისეთ შენობაში, როგორიც პარალამენტია, სადაც დიდი გამოცდილება არსებობს სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ამ დაწესებულებაში დამალონ, ან რაღაც გააკეთონ, ეს ჩვეულებრივი მომენტია. ჩვეულებრივი მომენტი იყო იმ პერიოდისთვის და თავის გადაზღვევის მიზნით ბევრჯერ გამიკეთებია ასეთი რაღაც”,- თქვა მან TV პირველთან ინტერვიუში.
მანვე აღნიშნა, რომ ასეთი უნდობლობა ნებისმიერ სისტემაში შეიძლება გაგაჩნდეს, თავის გადაზღვევა კი “მოსულა”.
ცნობისთვის, გუშინ ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა, მკლავჭიდის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ 2015 წელს ქუთაისში, ნაქირავები ბინის საძინებლებში დამონტაჟებული ვიდეოკამერები აღმოაჩინა.