,,პარლამენტი ივანიშვილმა პრაქტიკულად გააუქმა” – ენმ გახარიას პარლამენტში იბარებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პრემიერ-მინისტრ გახარიას პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, პლენარულ სხდომაზე იბარებს.

პარტიის ერთ-ერთი წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, ბიძინა ივანიშვილს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება სიტყვისა შეკრების თავისუფლების ჩასახშობად სჭირდება. ბოკუჩავა აცხადებს, რომ ეკონომიკური პრობლემები ყველაზე მეტად მოწყვლად ჯგუფებს შეეხო, ქართული ოცნების მიერ წარმოდგენილი დახმარების გეგმა კი სინამდვილეში პარტიული აქტივის და მათთან დაკავშირებული ბიზნესების ფულით უზრუნველყოფის სქემაა.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ გაგრძელდეს. არაეპიდემოლოგიური მოცემულობისას საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება იქნება ივანიშვილის მცდელობა შეზღუდოს შეკრების თავისუფლება, ჩაახშოს თავისუფალი სიტყვა და გააკონტროლოს ყველაფერი უფრო მარტივად, ვიდრე ამას აკეთებდა მანამდე.

პარლამენტში ულუკმაპუროდ დარჩენილი მოქალაქეების ხმა არ ისმის. პარლამენტი იზოლაციაში მყოფმა ივანიშვილმა პრაქტიკულად გააუქმა.

იმისთვის, რომ სახლში დარჩენილი გაჭირვებული ადამიანების ხმა გავაგონოთ გიორგი გახარიას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მას ინტერპელაციის წესით პარლამენტში იბარებს. ორჯერ, როცა ენმ-მ გახარია პარლამენტში დაიბარა, ის არ მობრძანდა, გამოაგზავნა მხოლოდ წარმომადგენელი. ამჯერად მას კონსტიტუცია ავალდებულებს, მობრძანდეს პარლამენტში და პირადად გასცეს შეკითხვებს პასუხები. არმოსვლის შემთხვევაში ის კიდევ ერთხელ დაარღვევს კონსტიტუციას, კიდევ ერთხელ ეტყვის საქართველოს გაჭირვებულ მოქალაქეებს, რომ არ აინტერესებს მათი გაჭირვება; არმოსვლით გახარია იტყვის, რომ ქართულ ოცნებას ეკონომიკური აპარტეიდის გარდა, რომლითაც მხოლოდ პრივილეგირებული კასტა სარგებლობს, იმ ვალით, რომელიც ჩვენ და ჩვენმა შვილებმა უნდა იხადონ, სიღარიბის დაძლევის გეგმა არ გააჩნია”, – განაცხადა ბოკუჩავამ.