პარლამენტი რუსული კანონის განხილვას იურიდიულ კომიტეტზე, ორშაბათს, 09:00 საათზე განაახლებს

“ქართული ოცნება” პირველი მოსმენით მიღებული რუსულ კანონის განხილვას, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ორშაბათს, 29 აპრილს, 09:00 საათზე განაახლებს.

ამასთანავე,  მმართველი პარტია 29 აპრილს პარლამენტთან რუსული კანონის მხარდამჭერ აქციას ჩაატარებს.

ხელისუფლებამ,  “რუსულ კანონის” ჩაგდებიდან 1 წლისა და ერთი თვის შემდეგ კანონპროექტი კვლავ დააბრუნა.  კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი “უცხოური გავლენის აგენტი” იქნება, დანარჩენი კი სრულიად უცვლელი რჩება. ხელისუფლებამ, 2023 წლის მარტში ვერ შეძლო “უცხოური აგენტების შესახებ” კანონის მიღება. პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღებას საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულს აკრიტიკებდნენ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ამერიკა და ევროკავშირი.

7 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ “ოცნების” ხელისუფლებამ და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. იგივე განმეორდა 8 მარტსაც.