პარლამენტმა შრომის რეფორმა დაამტკიცა – რისი უფლება ექნება შრომის ინსპექტორს

პარლამენტმა შრომის რეფორმის შესახებ ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი დღეს მესამე მოსმენით მიიღო.

შრომის ინსპექციის შესახებ წინადადებას მხარი 85 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს 82 დეპუტატმა.

კანონის ავტორი, დამოუკიდებელი დეპუტატი და ქართული ოცნების ყოფილი წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილია, მასთან ერთად ინიციატორები არიან: თამარ ჩუგოშვილი, სოფო კილაძე, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, თამარ ხულორდავა და ირაკლი კობახიძე.

ახალი კანონმდებლობის თანახმად, იქმნება შრომის ინსპექციის სსიპ-ი, რომელსაც გადაეცემა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ფუნქციები, ხოლო უშუალოდ სტრუქტურა ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება.

შრომის ინსპექტორი უფლებამოსილი იქნება, სასამართლოს მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე დღე-ღამის ნებისმიერ დროს შევიდეს ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ნებისმიერ სამუშაო სივრცეში, ნებისმიერ სამუშაო ადგილას, გონივრული ეჭვის საფუძველზე, რომ არსებობს იძულებითი შრომის და შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევა.

მოითხოვოს საჭირო ვადით სამუშაო ადგილის, სამუშაო სივრცის ან ნებისმიერი ნაწილის ხელშეუხებლობა, რაც გონივრულობის ფარგლებში აუცილებელია სამუშაო ინსპექტირების განსახორციელებლად.  მოითხოვოს ნებისმიერი მასალა ან ნივთიერება, გადაიღოს ფოტო და ვიდეო. აზომოს ტერიტორია. გამოკითხოს სამუშაო ადგილას მყოფი ნებისმიერი პირი. მოსთხოვოს ნებისმიერი ნივთის ან დოკუმენტის გადაცემა და სხვა.

შრომის ნორმების დარღვევისთვის სანქციას შესაძლოა გამოიყენონ გაფრხილება, ჯარიმა ან სამუშაო პროცესის შეჩერება.