პარლამენტში ბიუჯეტის პროექტს მედიის საპროტესტო ბანერის ფონზე განიხილავენ

პარლამენტის სხდომათა დარბაზის აივანზე ჟურნალისტებმა ბანერი, წარწერით – „დასაჯეთ მოძალადეები” ისევ გადმოფინეს.პარალელურად, დეპუტატები ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, თუმცა წინა შემთხვევისგან განსხვავებით, მმართველი პარტიის დეპუტატებს ბანერის ჩამოხსნა არ მოუთხოვიათ.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს ქმედება ჟურნალისტურ საქმიანობას სცდება.

როგორც მან აღნიშნა, 5 ივლისს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და ყველა დამნაშავე აუცილებლად დაისჯება.

18 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენა ჩაიშალა, მიზეზად კი ბანერის არჩამოხსნა დაასახელეს. გადაწყვეტილება ქართულმა ოცნებამ მიიღო.