პარლამენტში სულ რომ მარტო შევიდეთ, შევალთ – ელისაშვილი

“ჩვენ არავის აღარ ველოდებით, პარლამენტში სულ რომ მარტო შევიდეთ, მარტო შევალთ, იმიტომ რომ მართლა დაგვემხო ქვეყანა თავზე – გაბუტვისა და ზურგით დგომის დრო აღარ არის. გამოვგლიჯოთ, რაც გამოსაგლეჯია”,– თქვა პარტია “მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.

მისი შეფასებით, “ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე, ოპოზიციის პარლამენტს გარეთ ყოფნა ერთმნიშვნელოვნად უპასუხისმგებლობაა”.

ელისაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციამ “ქართულ ოცნებას“ ხელიდან უნდა გამოგლიჯოს ის, “რაც მოსაგლეჯია, რაც არის საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო წესების ძირფესვიანად შეცვლა”.

“გვაქვს ასეთი გეგმა. ველოდებით მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს, რადგან გვაქვს ელჩების პატივისცემა, რომელთაც უზარმაზარი შრომა ჩადეს. არც ერთ ქვეყანაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შუამავლები ელჩები არ არიან – ეს ჩვენდა სამარცხვინოდ, არის ჩვენი „ნოუჰაუ“. თუ მეხუთე რაუნდი არ გაიმართება, მოვიფიქრებთ როგორ ვიმოქმედოთ. თუკი “ქართული ოცნება“ იმ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის, რაც ჩვენი აზრით, ამ ქვეყნისთვის საშვილიშვილო ამბავია, ანუ საარჩევნო რეფორმა და ცესკოს ფუნდამენტური ცვლილება, ასევე ციხეში მყოფი პოლიტპატიმრების გამოშვება და თუკი ამ პირობების შესრულების შემდეგ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, “ქართული ოცნება“ ცვლილებებს მიიღებს, დაარქმევს მას ელექტრონული არჩევნების სისტემას, მაგრამ იქნება გამოღრუტნული და გამოშიგნული შინაარსის ცვლილებები“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.