პარლამენტში შესვლას ნეგატიური მნიშვნელობა ექნება ელისაშვილისთვის – გია ნოდია

” პარლამენტში შესვლას ნეგატიური მნიშვნელობა ექნება ელისაშვილისთვის ”პოლიტოლოგი გია ნოდია მიიჩნევს, რომ თუ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ხელისუფლებასთან საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმის თაობაზე შეთანხმების შემთხვევაში პარლამენტში შევა, ამას მისთვის ნეგატიური მნიშვნელობა ექნება, რადგან „საზოგადოების უდიდესი ნაწილი ისე აღიქვამს, რომ ელისაშვილი მოისყიდეს“. ამის შესახებ  ნოდიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა

„ალეკო ელისაშვილის გადასაწყვეტია პარლამენტში შევა, თუ არ შევა. შეიძლება ერთი, ორი ან ხუთი დეპუტატი შევიდეს, თუმცა, ეს არსებითაც არ შეცვლის სიტუაციას. ჩემი აზრით, რადგან ოპოზიციამ, მათ შორის ალეკო ელისაშვილმაც, დააყენეს ერთსულოვნად მოთხოვნები, ამ შემთხვევაში ისინი ბოლომდე ერთიანი უნდა იყვნენ. შეიძლება რაღაც კომპრომისს დათანხმდნენ, მაგრამ უფრო სწორია, თუ ამას ოპოზიცია ერთიანად გააკეთებს. ჩემი აზრით, ამ გადაწყვეტილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა არ ექნება. ნეგატიური მნიშვნელობა ექნება თავად ალეკო ელისაშვილისთვის, რადგან საზოგადოების უდიდესი ნაწილი ამას ისე აღიქვამს, რომ ელისაშვილი მოისყიდეს. ასე, რომ ალბათ, მისთვის ნეგატიური მნიშვნელობა ექნება, მაგრამ თვისობრივად, სიტუაციას არ შეცვლის. ტექნიკურად პარლამენტი შეიძლება არ იყოს ერთპარტიული, მაგრამ მაინც ოპოზიციის უდიდესი ნაწილი პარლამენტში არ იქნება“,-განაცხადა ნოდიამ.

პოლიტოლოგის შეფასებით, ასევე ძალიან უცნაურია ალეკო ელისაშვილის განცხადება, რომლის თქმით, „გიგა ბოკერია და გიგი უგულავა პარლამენტში ვერ მოხვდნენ, ამიტომ უნდათ, რომ ყველაფერი არიონ და საბოტაჟით არიან დაკავებულები”.

„ის, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის არის კამათი, ეს ნორმალურია. შეიძლება პოლიტიკური პარტიის შიგნითაც იყოს კამათი, ესეც ნორმალურია, ყოველ შემთხვევაში, ამ დრომდე ისინი ერთიანი პოზიციით გამოდიოდნენ. მთავარია, საბოლოოდ შეჯერდებიან თუ არა ერთიან პოზიციაზე. ეს ძალიან უცნაური განცხადებაა. შეეძლო, არჩევნების მეორე დღეს ეთქვა. გაუგებარია, რატომ ამბობს ახლა“, – განაცხადა ნოდიამ.

პოლიტოლოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსის მიღწევის საკითხს სკეპტიკურად უყურებს, თუმცა შეთანხმებასაც არაფერს გამორიცხავს.

„ჯერჯერობით არ ჩანს პესრპექტივა, რომ მოლაპარაკებებს შედეგი მოჰყვეს. მე უფრო სკეპტიკურად ვარ განწყობილი. არ მგონია, რომ ეს მოხერხდეს, თუმცა გამორიცხული არაფერი არ არის“, – განაცხადა ნოდიამ.

ცნობისთვის, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ის დათანხმდება პარლამენტში შესვლას იმ შემთხვევაში, თუ მხარეები საარჩევნო კანონმდებლობის და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმაზე შეთანხმდებიან.