პარლამენტში შესვლა მოღალატეობა კი არა, ხალხის სამსახურში ყოფნაა – ელისაშვილი

პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი ოპოზიციური პარტიების მიერ მანდატებზე უარის თქმას ეხმიანება და ამბობს, რომ პარლამენტში შესვლა არა მოღალატეობა, არამედ ქვეყნის სამსახურში ყოფნაა.

მისი განცხადებით მოლაპარაკებების დასრულებამდე მანდატებზე უარის თქმა არასწორია.

“თან ამბობენ რომ მანდატებს ვხევთო, თან ამბობენ, რომ მოლაპარაკებაზე უნდა წამოვიდეთო. ეგ როგორ არის? მოლაპარაკებაზე რა მიდის იცით, რომ, თუ ქართული ოცნება ჩვენ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ხელი უნდა მოვაწეროთ იმ შეთანხმებას, იმ შეთანხმებას თუ ხელს მოვაწერთ, პარლამენტში უნდა შევიდეთ, ყველანი, აი ისინიც, ვინც დღეს მანდატებს ხევენ.” – თქვა ელისაშვილმა ფეისბუქლაივში.

მანვე აღნიშნა, რომ ქართული ოცნება კომპრომისზე მიდის და ოპოზიციის 4 მოთხოვნიდან 2-ს აკმაყოფილებს, რის გამოც ოპოზიციამ უნდა გაბედოს და შევიდეს პარლამენტში.

“დავაახლოვეთ პოზიციები, წამოვიყვანეთ კომპრომისზე ქართული ოცნება და ძალიან მაგარი ამბავია, რომ ისინი ამ კომპრომისზე მოდიან. რომ პოლიტპატიმრები იქნება და ციხიდან გამოვიდნენ, ხელი მოვაწეროთ პატიოსან საარჩევნო სისტემას და ამაზე ვმუშაობდით და ოპოზიციის მოთხოვნის 99% საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა ქართულმა ოცნებამ. მოღალატეობრივი საქციელი კი არაა პარლამენტში შესვლა, ხალხის სამსახურია პარლამენტში ყოფნა. აი ეგეთი ახირებული ხალხი ვართ მეც, ლევან იოსელიანიც და ყველა ჩვენ პარტიაში.” – ამბობს ელისაშვილი.