პარტია “მოქალაქეები” გირჩთან კონსულტაციებს მართავს

„მოქალაქეებსა“ და მეორე „გირჩს“ შორის დღეს პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება. ლევან იოსელიანის განამრტებით, შეხვედრაზე მხარეები პარლამენტში შესვლასა–არშესვლის საკითხს განიხილავენ.

„შეხვედრაზე ვისაუბრებთ მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე, ვისაუბრებთ იმ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელშიც ახლა ვართ და აქედან გამოსვლის გზებზე. მაინტერესებს მათი ხედვა, როგორ ხედავენ ამ ყველაფერს, რა გეგმები აქვთ. მივდივართ, რომ გავიგოთ, როგორია მათი პოზიცია. ჩვენი პოზიცია ნათელია – ვამბობთ, რომ შეთანხმების გარეშე არსად შესვლას არ ვაპირებთ. დაველოდებით მეხუთე რაუნდს, ვნახავთ, რა ტიპის შეთანხმებას მივაღწევთ და თუ მისაღები იქნება ყველა ის პირობა ჩვენთვის, სხვაც რომ არ შემოვიდეს, ჩვენ მოვაწერთ ხელს ამ შეთანხმებას და შევალთ. შესაბამისად, ჩვენც გვაინტერესებს, სხვას რა პოზიცია აქვთ. ეს არის ამ საკითხზე „გირჩთან“ პირველი შეხვედრა. სხვა პარტიებთან შეხვედრა აღნიშნულ საკითხზე არ გვქონია“, – განაცხადა იოსელიანმა.

გუშინ ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში მარტოც რომ მოუწიოთ შესვლა, მაინც შევლენ.