პარტიებმა რომლებმაც საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, მოატყუეს ხალხიც და საერთაშორისო პარტნიორებიც – ბოძაშვილი

ექსპერტ ლევან ბოძაშვილის განცხადებით, მას შემდეგ რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ევროპულმა საქართველომ” საკონსტიტუციო ცვლილებებში მონაწილეობა არ მიიღო, საერთაშორისო პარტნიორები მომავალში მათ სიტყვას აღარ დაეყრდნობიან. როგორც ბოძაშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, აღნიშნული ფაქტი ერთი მხრივ კარგია, რადგან ხელისუფლება ოქტომბრის არჩევნების შედეგად ამ ორი პარტიის გარეშე უნდა დაბალანსდეს.

“გამოჩნდა, რომ არაერთგზის საერთაშორისო მოწოდება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები საერთო ეროვნული კონსენსუსით მიღებულიყო “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოსთვის” არაფერს ნიშნავდა. ვფიქრობ, ამ პარტიებს იოტისოდენა უფლებაც კი აღარ აქვს ვინმეს მიტინგზე ან პროტესტზე მისვლისკენ მოუწოდონ. არც აქამდე ჰქონდათ 7 ნოემბრის შემდეგ, მაგრამ ახლა მითუმეტეს აღარ აქვთ. აღარც საერთაშორისო პარტნორებიდან დაეყრდნობა მათ სიტყვას ვინმე სამომავლოდ. ეს ერთი მხრივ, კარგია, რადგან სწორედ მათ გარეშე უნდა დაბალანსდეს ხელისუფლება ოქტომბრის არჩევნების შედეგად”,- განაცხადა ბოძაშვილმა