პატარა პარტიების პარლამენტში მიპატიჟებას ჰგავს – მეგრელიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე

პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი პატარა პარტიების პარლამენტში მიპატიჟებას ჰგავს, რაც “ლამაზად არ გამოიყურება”.

“ჰგავს, რაღაცნაირად, პატარა პარტიების მიპატიჟებას პარლამენტში, რაღაც კონკრეტული ბენეფიტების სანაცვლოდ. ეს არ გამოიყურება ლამაზად.

ბუნებრივია, 2024 წელს 5%-ს ჯობია 3%, მაგრამ, ეს არ არის ის შემოთავაზება, რომლის გამოც ოპოზიციური პარტიები გადაწყვეტენ ბოიკოტის შეწყვეტას და პარლამენტში შესვლას. სრულიად განსხვავებული იქნებოდა ქართულ ოცნებას რომ შემოეთავაზებინა ის, რასაც ჩვენ, იდეაში, როგორც კონსენსუსურ და მშვიდობის მისაღწევად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად ვთავაზობდით, ანუ, ბუნებრივ ბარიერს მუდმივად”,– განაცხადა მეგრელიშვილმა რუსთავი 2–თან საუბრისას.

მისი თანაგუნდელის, იაგო ხვიჩიას თქმით, პარლამენტში საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების დაინიცირდა არ ნიშნავს, რომ გირჩი პარლამენტში შევა. მისი განმარტებით, გირჩი პარლამენტში მხოლოდ 14 დეპუტატთან ერთად შევა.

დარეგისტრირებული კანონპროექტის თანახმად, არჩევნებში ბარიერი 5%-დან 3%-მდე იწევს, ხოლო საპარლამენტო ფრაქციის შექმნა 4 ადამიანს შეეძლება.

საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტის 113 წევრის ხმა სჭირდება, ამჟამად კი საკანონმდებლო ორგანოში 96 დეპუტატია, შესაბამისად, ცვლილებების განსახორციელებლად დამატებით 17 ოპოზიციონერის შესვლაა საჭირო.