პატრიარქი არის სიცოცხლის ბოლომდე პატრიარქი,უფლებამოსილების გადაბარებაზე საუბარი არ ყოფილა-მეუფე იაკობი სინოდის სხდომის შემდეგ

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი აცხადებს, რომ სინოდის სხდომაზე პატრიარქის უფლებამოსილების გადაბარებაზე საუბარი „აბსოლუტურად არ ყოფილა“.

მისი თქმით, პატრიარქი სიცოცხლის ბოლომდე არის პატრიარქი.

„ზღაპრებს ნუ მიყვებით! პატრიარქს, როცა ირჩევენ, ჯვარი წერია… პატრიარქი არის სიცოცხლის ბოლომდე კათოლიკოს პატრიარქი. რასაც პატრიარქთან დაკავშირებით მეუბნებით, აბსოლუტური სისულელეა. ვინც მაგას გეუბნებათ, თავში ჭკუა არ აქვს!“, – აცხადებს მეუფე იაკობი.

მისივე თქმით, „სინოდის სხდომა მაშინ დაიწყო, როცა უნდა დაწყებულიყო“.

„ვინ გითხრათ რომ დაგვიანდა? ჩვენ აქ ვიკრიბებით 12 საათზე და 6 საათზე, ან 8 საათზე რომ გადაგვეწყვიტა და დაგვეწყო რა? ვის რა პრეტენზია აქვს? მანამდე გავიარეთ საკითხები და შედარებით სწრაფად იმიტომ დავამთავრეთ“, – აღნიშნავს მეუფე იაკობი.

თბილისში, საპატრიარქოს შენობაში, დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომა. მას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უძღვებოდა. როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იუწყება, სინოდის განჩინება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

სხდომის შემდეგ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა სხდომის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

შეკითხვაზე, პატრიარქობის გადაბარებაზე, ტახტის მემკვიდრეზე იყო საუბარი? მიტროპოლიტმა უპასუხა: „თქვენ მე მაიძულებთ ცუდი რაღაც ვთქვა და ახლა ვიტყვი: ვერ მოესწრება ვერავინ ამას, ვერასოდეს”.