პატრიარქმა კირილმა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს მობილიზებისკენ, სამღვდელოებას კი “სიკვდილზე წამსვლელთა გაძლიერებისკენ„ მოუწოდა.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა სიტყვით გამოსვლისას მოუწოდა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებს  და სხვა თანამშრომლებს, აქტიურად დაეხმარონ უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილე რუს ჯარისკაცებს.ომის მხარდამჭერ სიტყვაში, პატრიარქმა მაგალითად მოიყვანა 1812 წლის სამამულო ომი და დიდი სამამულო ომი, როდესაც ხალხი, მისი სიტყვებით, პატრიოტული იდეით ამოძრავებული, მობილიზებული იყო და მიხვდა, რომ გარე მტერი უზარმაზარ, ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნიდა  ქვეყანას.

“ჩვენ გავიმარჯვეთ, რადგან მართლაც მოხდა მთელი ხალხის მობილიზაცია“, – განაცხადა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა მოსკოვის ნათლისღების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ტრაპეზის დროს.

რუსეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ნარატივის შესაბამისად, პატრიარქმა განაცხადა, რომ ჩიხში შესულმა დასავლურმა ცივილიზაციამ იარაღი აიღო რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც მარტო დაუპირისპირდა  გლობალიზმს.

ამ ბრძოლაში გასამარჯვებლად მისი თქმით  საჭიროა სამხედრო მოსამსახურეების  და მათი დახმარება, „ცეცხლის ხაზზე იმყოფებიან“.

“ ჩვენ უნდა მოვახდინოთ ჩვენი მრევლის მობილიზება ნივთების, საკვების შესაგროვებლად. მოძებნეთ შესაძლებლობები, შეაგროვეთ ფული, გაგზავნეთ ამანათები, თუ შესაძლებელია, წადით, მხარი დაუჭირეთ სამხედროებს.“

ასევე, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა სასულიერო პირებს სთხოვა, არ დაივიწყონ სამხედრო მოსამსახურეების სულიერ საწრდოზე ზრუნვა და სიკვდილზე წამსვლელთა  სულიერი მხარდაჭერა.

”თქვენ უნდა შეძლოთ ადამიანს უთხრათ ისეთი რამ, რაც მას გააძლიერებს, მათ შორის, მაშინ, როდესაც გაცემულია ბრძანება ”შეტევაზე!”. ბრძანება, რომლის გარეშეც გამარჯვება არ შეიძლება, როცა უნდა ადგე და სიკვდილთან შესახვედრად წახვიდე. ჩვენი ბიჭები ხომ ახლა სწორედ ამას აკეთებენ – დგებიან  სანგრებიდან და მიდიან სიკვდილთან შესახვედრად,” – დასძინა მან.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, პატრიარქი კირილი არაერთხელ გამოთქვამდა ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მხარდაჭერას. დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ბოლო 11 თვის განმავლობაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს არასოდეს გამოუთქვამს თანაგრძნობა ზოგადად უკრაინელი ხალხის, არც უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის (რომელსაც მოსკოვის საპატრიარქო ჯერ კიდევ მის დამხმარე სტრუქტურად აღიქვამს)  მრევლისა თუ მსახურების მიმართ.

„დადგა დრო, როცა ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ ჩვენს ტანჯულ ხალხთან და, პირველ რიგში, მათთან, ვინც სიცოცხლის ფასად იცავს ჩვენს მართლმადიდებელ ხალხს დონბასში“, – თქვა კირილმა.

2020 წლის ოქტომბერში გამოცემა პროექტმა (რუსეთის ხელისუფლებამ აღიარა უცხო ქვეყნის აგენტად) გამოაქვეყნა გამოძიება, რომელშიც ნათქვამია, რომ პატრიარქ კირილის ნათესავები ფლობენ 225 მილიონი რუბლის ღირებულების უძრავ ქონებას.

ამ კვირაში უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უმაღლეს რადას წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც კრძალავს ქვეყანაში რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას.