“პატრიოტთა ალიანსთან” თანამშრომლობას არ განვიხილავთ, ჩვენთვის წითელი ხაზია – ოხანაშვილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნება” “პატრიოტთა ალიანსთან” არანაირ თანამშრომლობას არ განიხილავს, ეს მათთვის “წითელი ხაზია”.

მისივე თქმით, “ოცნებას” არ სჭირდება ისეთი ინტერესების მატარებელი ჯგუფი, რომელიც ქვეყნის ინტერესებს სათანადოდ არ იცავს. ოხანაშვილი აღნიშნავს, რომ მიესალმება სახელმწიფო აუდიტის მიერ მოკვლევის დაწყებას პატრიოტთა ალიანსის დაფინანსებასთან დაკავშირებით და ასევე გასარკვევია მათი ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტი.

ცენტრი დოსიეს ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ პატრიოტთა ალიანსმა რუსეთიდან 8 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო. ასევე იღებს ინსტრუქციებს და მითითებებს, თუ როგორ მოიქცნენ წინასაარჩევნოდ, რაზე ისაუბრონ, როდის ჩაატარონ აქცია, რა სახის რეკლამა განათავსონ ეთერში და სხვა.

როგორც ირკვევა, რუსი კურატორები “პატრიოტებს” აგვისტოს ომის წლისთავზე საპროტესტო მიტინგის ჩატარებას სთხოვდნენ, თუმცა პატრიოტთა ალიანსმა წინადადებაზე უარი თქვა. ასევე, გამოძიების მეორე ნაწილის მიხედვით, სექტემბრის პირველ რიცხვებში რუსი კურატორები “პატრიოტებს” თხოვენ, დაიწყონ საქართველოს პარლამენტის პიკეტირება, რომელშიც მონაწილეობას აჭარის მოსახლეობა მიიღებს.