პატრიოტთა ალიანსის ნაწილი პარლამენტში შედის

პატრიოტთა ალიანსის ნაწილი პარლამენტში შედის. პარტიის პირველმა სამმა ნომერმა მანდატებზე უარი თქვეს, თუმცა სია არ გაუნულებიათ. შესაბამისად, სიის მომდევნო ნაწილს პარლამენტში შესვლა შეუძლია.

ტვ პირველის ინფორმაციით, პარლამენტში შესვლას აპირებს პატრიოტთა ალიანსის მე–4 ნომერი ავთანდილ ენუქიძე. ის ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობს და ამბობს, რომ ის არ შეაწუხონ.

“თქვენ ქართული არ გესმით? ნუ მაწუხებთ–მეთქი, მეც მაქვს უფლება, არ გიპასუხოთ”,– ამბობს ენუქიძე ტვ პირველთან საუბრისას.

კითხვას, შედიან თუ არა პარლამენტში, დუმილით პასუხობს პარტიის მე–7 ნომერი ფრიდონ ინჯია და მე–6 ნომერი ნანა დევდარიანი.

არჩევნების შედეგების მიხედვით, პატრიოტთა ალიანსიდან პარლამენტში 4 ადამიანი მოხვდა. პირველმა სამმა დეპუტატმა: ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ მანდატზე უარი თქვეს. უარი არ უთქვას მე–4 ნომერს, ავთანდილ ენუქიძეს და სიის მომდევნო ნაწილს.

მამუკა მდინარაძის თქმით, ქართულ ოცნებას მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია, თუმცა კარგია, თუ ისინი პარლამენტში შესვლას აპირებენ.