პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი დაახვედრებს ნათელ “კაბინეტს” და დიდი ხნით მოუწევს პრემიერობანას თამაში – მათიკაშვილი სააკაშვილზე

“ენთუზიაზმით შეხვდება შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი და სუფთა და ნათელ “კაბინეტს” დაახვედრებს ციხეში, სადაც დიდი ხნით მოუწევს მას პრემიერობანას თამაში საკუთარ თავთან”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა დავით მათიკაშვილმა, რითაც მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შესახებ განცხადებას გამოეხმაურა.

„ამ კარიკატორულმა ფიგურამ პოლიტიკური ველიდან ტრაგი-კომიკურ ჟანრში გადაინაცვლა: ტრაგიკული – მისი მცირერიცხოვანი მომხრეებისთვის, ხოლო კომიკური დანარჩენი საქართველოსთვის. ბატონო მიხეილ, თქვენ ვერასდროს გახდებით საქართველოში ვერც პრემიერი და ვერც ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირი, ეს ამ ცხოვრებაში არ მოხდება და ეს ყველაზე კარგად იცით თქვენ! თქვენს საქართველოში შესაძლო დაბრუნებას რაც შეეხება, უდაოდ მისასალმებელი ფაქტია: მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეწყობა ვფიქრობ დაგიფასდებათ სასჯელის მოხდის ნაწილში“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.