პენიტენციური სააკაშვილის შიმშილობის ფორმად მიიჩნევს სრულ შიმშილობას – ბურჯანაძე

სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებაში გადაამოწმეს, თუ როგორ ფასდება სააკაშვილის მდგომარეობა, სადაც წერია, რომ ექსპრეზიდენტი სრულად შიმშილობს.

“ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია პენიტენციურ დაწესებულებაში, როგორც იუსტიციის მინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციამდე, ისე მის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ შიმშილობის ფორმად მიჩნეულია სრული შიმშილობის ფორმა, არაფერი ცვლილება ამ კუთხით არ არის განხორციელებული პენიტენციური სამსახურის მიერ.

ასე რომ, უშუალოდ სამედიცინო დეპარტამენტისა და პენიტენციური სამსახურის მიერ სხვა შეფასება კეთდება, სხვა შეფასება მოვისმინეთ პოლიტიკოსების მხრიდან. კადრები, რომელიც გავრცელდა გადაღებულია ნომერ მე-12 დაწესებულების სამედიცინო ოთახში. ეს არის ექიმის ოთახი, იმ ოთახში ჩვეულებრივად მიმდინარეობს სამედიცინო მანიპულაციები”, – ამბობს ბურჯანაძე. 

ის ასევე აღნიშნავს, რომ შეისწავლიან პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრების მიზნობრიობასაც.

ცნობისთვის, გუშინ პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ იღებს მესამე პრეზიდენტი სამედიცინო ოთახში გარკვეულ დანამატებს. უწყება ირწმუნება, რომ სააკაშვილი “საკვებს იღებს”. სახალხო დამცველის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი პირველი ოქტომბრიდან უწყვეტად შიმშილობს და არ იღებს არანაირ საკვებს.