პენტაგონი:უცხოპლანეტელები არ არსებობენ. ყველა ამოუცნობი ობიექტი სინამდვილეში ტექნოლოგიების ტესტირებას უკავშირდება

1960-იან წლებში უცხოპლანეტელების შესახებ  ინფორმაციების მოზღვავება გამოიწვია მოწინავე ტექნოლოგიების – ამერიკული მზვერავი თვითმფრინავების და კოსმოსური ტექნოლოგიების ინტენსიურმა ტესტირებამ, ნათქვამია პენტაგონის მოხსენებაში.

პარასკევს კონგრესში წარდგენილ დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ აშშ-ს მთავრობა უცხოპლანეტელებთან ურთიერთობს.

უმეტეს შემთხვევაში, როცა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების  ან სხვა ანომალიური ფენომენების შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია, სინამდვილეში საქმე ეხებოდა ჩვეულებრივ ობიექტებს – აცხადებენ ოფიციალური პირები, თუმცა, აქვე  აღიარებენ, რომ მათი ანგარიში ვერ გააქარწყლებს ხალხში გავრცელებულ პოპულარულ წარმოდგენებს უცხოპლანეტელი სტუმრების შესახებ.

„უზარმაზარი რაოდენობით სატელევიზიო გადაცემების, წიგნების, ფილმების და უამრავი მასალის გავრცელებამ ინტერნეტში და სოციალურ მედიაში უცხოპლანეტელებთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, გავლენა მოახდინა ამ თემაზე საჯარო დებატებზე და გააძლიერა ეს რწმენა მოსახლეობის ზოგიერთ სეგმენტში“, – ნათქვამია მოხსენებაში.

პენტაგონის სპიკერმა პეტ რაიდერმა თქვა, რომ ოფიციალური პირები მიუკერძოებლად მოეკიდნენ ანგარიშს, მაგრამ უბრალოდ ვერ იპოვეს ვერანაირი მტკიცებულება უცხოპლანეტელების არსებობის შესახებ.

„კლასიფიკაციის ყველა დონეზე ჩატარებულმა ყველა საგამოძიებო აქტივობამ დაასკვნა, რომ თითქოსდა უჩვეულო ობიექტებზე დაკვირვების  უმეტესობა იყო ჩვეულებრივი ობიექტები და მოვლენები და იყო არასწორი იდენტიფიკაციის შედეგი“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

მოხსენება არის აშშ-ს მთავრობის უფრო ფართო საზოგადოებრივი კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს უცხოპლანეტელების შესწავლას – ან, როგორც ოფიციალური პირები მათ უწოდებენ,  “ამოუცნობი ანომალური მოვლენების“ შესწავლას.

ამ სამუშაოს ფარგლებში გაიმართა შეხვედრები NASA-ს წარმომადგენლებთან და კონგრესის მოსმენები.

მოხსენებაში, რომელიც მომზადებულია აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ყველა სფეროში ანომალიების საკითხების გადაჭრის სამმართველოს მიერ (AARO), აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივ აზრზე, სავარაუდოდ, პოპ კულტურამ მოახდინა გავლენა.

”განსაკუთრებით მდგრადი აღმოჩნდა წარმოდგენები იმის შესახებ, რომ  მთავრობამ აღმოაჩინა კოსმოსური ხომალდი და უცხოპლანეტელების ნაშთები და მათთან შეთქმულებაში შევიდა, საიდუმლოდ დარჩენილიყო მისი საქმიანობა უცხოპლანეტელების შესწავლასთან დაკავშირებით“- ნათქვამია მოხსენებაში.

Gallup-ის 2021 წლის გამოკითხვის თანახმად ამერიკელთა 40%-ზე მეტს სჯერა, რომ დედამიწას უცხოპლანეტელი კოსმოსური ხომალდები სტუმრობდნენ. მანამდე, ორი წლით ადრე ჩატარებულ კვლევაში ასეთი ადამიანების რაოდენობა აშშ–ში 33% იყო.

AARO-მ შეისწავლა არქივები და გასაიდუმლოებული ფაილები და გააანალიზა ყველა ოფიციალური სახელმწიფო გამოძიება, რომელიც დათარიღებულია 1945 წლის შემდგომი პერიოდით.

სააგენტომ პირობა დადო, რომ გამოაქვეყნებს დამატებით  მოხსენებას, რომელშიც განხილული იქნება  უფრო ბოლოდროინდელი დაკვირვებები და ჭორები.