მიუღებელია განცხადებები, რომელიც მირიან ნიკოლაძის მიმართ ჟღერდება – მარიამ ჯაში

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარის მარიამ ჯაშის თქმით, განცხადებები, რომელიც შაქარაშვილის საქმის ადგოკატის და გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის მისამართით ჟღერდება, მიუღებელია და მან პირადი წყენის გამო პოლიტიკური ელფერი მიიღო.

ჯაში აღნიშნავს, რომ ნიკოლაძესთან ერთად პარტია ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე დააფუძნეს.

“მოგეხსენებათ, მირიან ნიკოლაძე არის ჩვენი პოლიტილური პარტიის წევრი. 7 ივნისს ჩვენ ერთად დავაფუძნეთ პარტია. სამწუხაროდ, სულ რამდენიმე დღეში მოხდა ტრაგედია და მირიანი არის არა მხოლოდ საქმის ადვოკატი, არამედ გიორგის ბიძა. ის განცხადებები, რომელიც ჟღერდება შაქარაშვილების ოჯახის, განსაკუთრებით, მირიანის მისამართით, არის აბსოლუტურად მიუღებელი.

მირიანი როგორც საქმის ადვოკატი აბსოლუტურად თანმიმდევრულად მიყვება სისხლის სამართლებრივი საქმის დეტალებს. თუკი, ოჯახი ჩათვლის საჭიროდ, რომ ჩვენი პოლიტუკური გუნდი ჩაერთოს აღნიშნულ საკითხში და უფრო მეტად დააკვირდეს საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით, მზად ვართ. თუმცა, ოჯახის თხოვნის გარეშე, აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურად აქტიურად ვიყოთ ჩართულები. სამწუხაროა, რომ პირადი წყენის, პირადი დაპირისპირების გამო მირიან ნიკოლაძის მიმართ გაჟღერებულმა განცხადებებმა მიიღო პოლიტიკური ელფერი,”- განაცხადა ჯაშმა.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე მარიამ ჯაშის პარტიის თანადამფუძნებელი და პოლიტსაბჭოს წევრია.

საპარლამენტის ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრებმა პარტია “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი” 7 ივნისს დააფუძნეს. პარტიის ლიდერები არიან ბექა ნაცვლიშვილი, მარიამ ჯაში, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე და თბილისის საკრებულოს წევრი ჯაბა ჯიშკარიანი