პირდაპირ გადმოთარგმნილ ამერიკულ ვარიანტს მხარს არ დავუჭერთ – მდინარაძე “აგენტების” კანონპროექტზე

ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ თუ “ხალხის ძალა” “უცხოური გავლენის აგენტის” შესახებ კანონპროექტის ამერიკულ ანალოგს წარადგენს, უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს რადგან  ამერიკული ვარიანტი “მკაცრი და ხისტია” და მსგავსი კანონი საქართველოში “არ და ვერ იმუშავებს”.

“რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით, ჩვენი ფრაქციის წევრებთან კონსულტაციები გვექნება. თუმცა, წინასწარვე, ძალიან მაღალი ალბათობით, შემიძლია, გითხრათ, რომ ამერიკულ ვარიანტს, ასე პირდაპირ გადმოთარგმნილსა და გადმოკოპირებულს ჩვენი მხარდაჭერა არ და ვერ ექნება […] იმიტომ, რომ ამერიკული კანონი ძალიან მკაცრი, ხისტი და ადამიანის უფლებებთან შეუთავსებელია. ამას პირდაპირ ვამბობთ, ყოველგვარი გადაჭარბებისა და მორიდების გარეშე. მე მგონია, რომ ამ სფეროში ამდენად მკაცრი კანონმდებლობა არასამთავრობო სექტორის ინტერესებს მართლაც დააზიანებს და ზოგადად, დააზიანებს საზოგადოებრივ ინტერესებს”.

ცოტა ხნის წინ, “ოცნებიდან” წასულმა დეპუტატმა,  დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ ” ხალხის ძალამ” გადაწყვეტილება მიიღო, რომ ინიცირება გაუკეთოს ახალ, ალტერნატიულ კანონპროექტს, “უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ”, რომელიც მისივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგია.