პირველი ე.წ ნახტომი დავაფიქსირეთ, რაც საყურადღებო და საგანგაშოა – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით,  გუშინდელი დღე იყო პირველი, როდესაც ე.წ ნახტომი დაფიქსირდა და კორონავირუსი 30 ადამიანს 12 კლასტერიდან დაუდასტურდა.

„გუშინდელი დღე იყო, როდესაც პირველი ე.წ ნახტომი დავაფიქსირეთ, ანუ გვქონდა ერთდროულად 30 ახალი შემთხვევა, რაც ძალიან საყურადღებოა და ვიტყოდი საგანგაშო. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ყოველდღიურად გვქონდა ხუთი, შვიდი, ათი შემთხვევა, ორჯერ იყო როდესაც დავაფიქსირეთ 18, ერთხელ 19 შემთხვევა 24 საათის განმავლობაში, მაგრამ უკვე 30 ძალიან ბევრის მაჩვენებელია. ეს 30 არის ძირითადად 12 კლასტერში ანუ ჯგუფში. ესენი სხვადასხვა კლასტერებია, მოსახლეობაში მემგონი უკვე იციან, ირანის, იტალიური კლასტერი, ეროვნული ბანკის კლასტერი, ქობულეთის და ა.შ “,- განაცხადა გამყრელიძემ.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ინფიცირებულია 10 მედიცინის მუშაკი და 1 სასულიერო პირი.

,,ათი ინფიცირებული მედიცინის მუშაკი გვყავს უკვე და დღეს დილით უკვე დაგვიდასტურდა პირველი შემთხვევა სასულიერო პირში. ანუ შემთხვევები გახლავთ უკვე ყველა სოციალურ ფენაში. ვირუსმა არ იცის ვინ ვინ არის, ვინ რომელი პროფესიის წარმომადგენელია, ვინ ვისი შვილია, ვინ ვისი მამაა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ვაქცინის შექმნამდე ერთადერთი იარაღი ამ ვირუსთან ბრძოლის გახლავთ ეპიდემიის შეკავება სოციალური დისტანციის საშუალებით.

ბოლო ინფორმაციით, ქვეყანაში დაფიქსირებულია COVID-19-ით ინფიცირების 296 შემთხვევა, 69 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.