ჩვეულებრივად მივიღებთ მონაწილეობას ყველა საკომიტეტო განხილვაში, პლენარულ სხდომებზე კი შერჩევითი დამოკიდებულება გვექნება – რომან გოცირიძე

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო კომიტეტების მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა, პლენარულ სხდომებთან დაკავშირებით შერჩევითი მიდგომა აქვს და გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებს, რამდენად პრიორიტეტული იქნება საკითხი, რომელსაც განიხილავენ. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ისაუბრა.

„დღეიდან ჩვეულებრივად მივიღებთ მონაწილეობას ყველა საკომიტეტო განხილვაში, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა პარლამენტში მნიშვნელოვანი საკითხი იქნება განხილული, ასევე, მივიღებთ მონაწილეობას პლენარულ სხდომაში. თუ რომელია ეს საკითხები და რა იქნება პრიორიტეტული, ამას ვნახავთ ამ დღეებში. ვაგრძელებთ იმ რეჟიმში ყოფნას, რა რეჟიმშიც ვიყავით, რადგან საქართველოში პოლიტიკური დევნა არ შეწყვეტილა, ქვეყანაში კვლავ არიან პოლიტიკური პატიმრები, რასაც ადასტურებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც, ამიტომ შერჩევითი დამოკიდებულება გვექნება პლენარულ სხდომებში მონაწილეობასთან დაკავშირებით,”- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისათვის, პარლამენტის საშემოდგომო სესია 1-ელ სექტემბერს გაიხსნება. რეგლამენტის თანხმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება და დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.

შესაბამისად, საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა სწორედ 1-ელ სექტემბერს გაიმართება. სხდომის დღის წესრიგი ბიუროს სხდომაზე შეთანხმდება, რომელიც დღესაა ჩანიშნული.