პოდოლიაკი ცეცხლის შეწყვეტას და რუსეთთან დათმობაზე წასვლას გამორიცხავს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი გამორიცხავს რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას, ან ისეთ მოლაპარაკებას, რომელიც მოიცავს ტერიტორიის დათმობას.

ის Reuters-თან ინტერვიუში აღიარებს, რომ კიევის პოზიცია ომთან დაკავშირებით უფრო და უფრო უკომპრომისო ხდება, თუმცა უკრაინის მიერ დათმობებზე წასვლას უკუშედეგი მოჰყვება – რუსეთი უფრო ძლიერად უპასუხებს საბრძოლო შესვენების შემდეგ.

“ომი არ შეჩერდება [დათმობის შემდეგ]. ის უბრალოდ დაპაუზდება გარკვეული ხნით. ცოტა ხნის შემდეგ, განახლებული ინტენსივობით, რუსები გააუმჯობესებენ იარაღს, ადამიანურ ძალას და იმუშავებენ თავიანთ შეცდომებზე, ცოტათი მოდერნიზდებიან, გაათავისუფლებენ ბევრ გენერალს… და დაიწყებენ ახალ შეტევას, კიდევ უფრო სისხლიანსა და მასშტაბურს”,– თქვა პოდოლიაკმა.

მანვე აღნიშნა, რომ “ძალიან უცნაურია” მოწოდებები დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან ცეცხლის გადაუდებელი შეწყვეტის შესახებ, რაც ითვალისწინებს რუსეთის ძალების დარჩენას მათ მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთში.

„[რუსულმა] ძალებმა უნდა დატოვონ ქვეყანა და ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი სამშვიდობო პროცესის განახლება”,– განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.