პოლიტიკურ სუბიექტებს ეშინიათ ხმების დაზუსტების – კობახიძე საოლქო კომისიებთან აქციებზე

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აქციები, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიებთან საჩივრების განხილვების პარალელურად მიმდინარეობს, მოწმობს, რომ პოლიტიკურ სუბიექტებს ხმების დაზუსტების ეშინიათ.

“ეს მოწმობს იმას, რომ ამ პოლიტიკური სუბიექტების რეალური მიზანი, საერთოდ არ არის რაიმეს დაზუსტება, პირიქით, მათ ეშინიათ დაზუსტების, რადგან ხმების გადათვლა დაადასტურებს ზუსტად იმ შედეგებს, რომელიც საბოლოო ჯამში დაფიქსირდა ცესკოს მიერ, ვგულისმხობს წინასწარ მონაცემებს. გამოვა ისე, რომ რასაც ისინი აპროტესტებენ იყო სრული ფარსი და მათ არ ჰქონდათ არავითარი საფუძველი იმ მონაცემების გაპროტესტებისთვის, რომელიც გამოქვეყნდა ცესკოს მიერ, სწორედ აქედან გამომდინარე, ისინი ახორციელებენ დესტრუქციას”, — განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ამ წუთებში ვაკის, ბათუმის, საბურთალოს, ისნის, გლდანის და კიდევ მრავალ სხვა საოლქო კომისიის შენობასთან აქცია მიმდინარეობს. კომისიებში საჩივრების განხილვა მიმდინარეობს, რაზე დასწრების საშუალებასაც არ აძლევენ მაჟორიტარობის კანდიდატებს და პოლიტიკოსებს, მათ შორის, ხატია დეკანოიძეს, დავით ჭიჭინაძე, თაკო ჩარკვიანს, ალეკო ელისაშვილს და სხვებს.