ელენე ხოშტარია ეხმიანება პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომელმაც ილიჩოვა–მელაშვილის გირაოთი გათავისუფლება მოითხოვა.
ხოშტარიას შეფასებით, პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოქალაქეების პროტესტის შედეგი იქნება, რაც პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღების სიგნალია.
“ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაჭერა, იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ სწორედ იმიტომ, რომ არცერთი მოქალაქე არ მოდუნდა და ითხოვდა ამ ადამიანების გათავისუფლებას, საბოლოოდ, ამის პოლიტიკურმა ფასმა აიწია და მათ მოუწიათ ამ ადამიანების გათავისუფლება.
ასევე, გიორგი რურუას, დარჩენილი პოლიტპატიმრის გამოშვება იქნება გარკვეული სიგნალი პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღების ჩანასახის. თუ ვინმეს ილუზია აქვს, რომ პოლიტპატიმრების გამოშვებით ივაჭრებენ და ვინმეს სადმე შეიტყუებენ ეს ტყუილია, ასე არ იქნება, იმიტომ, რომ ადამიანებით არ ვაჭრობენ, მაგრამ პოლიტიკური პროცესის შანსი ამ ფონზე შეიძლება გაჩნდეს, ეს დამოკიდებულია იმაზე, ქართული ოცნება როგორ მოიქცევა”,– თქვა ხოშტარიამ.
პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს. პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.