პოლონეთიდან საქართველოში 15 არალეგალის დეპორტაცია განხორციელდა–რა წილი აქვთ ქართველებს პოლონეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ჩადენილ დანაშაულში

პოლონური მედიის ინფორმაციით პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა საქართველოს მიმართულებით ჩარტერული რეისის ორგანიზება მოახდინა, რომლითაც საქართველოს 15 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. აქედან სამმა, მედიის ინფორმაციით საზღვარი არალეგალურად გადაკვეთა და  საფრთხეს წარმოადგენენ სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის. ოპერაცია სააგენტო ფრონტექსთან ერთად განხორციელდა ეგრეთწოდებული კოლექტიური დაბრუნების ოპერაციის ფორმულის მიხედვით და დეპორტირებულ პირებს შორის იყვნენ არა მხოლოდ პოლონეთში დაკავებული, არამედ გერმანიიდან, შვედეთიდან, ესპანეთიდან და ჩეხეთის რესპუბლიკიდან ჩაყვანილი ქართველებიც.

2023 წლის ოქტომბერში სასაზღვრო სამსახურის უცხოელთა დირექტორატმა საქართველოს მოქალაქეების მსგავსი დეპორტაცია განახორციელა. მაშინ საქართველში 10 მოქალაქე დააბრუნეს.

პოლონეთის მედია წერს, რომ დაბრუნების ოპერაციის ორგანიზება კომპლექსური და მრავალშრიანი, ამავე დროს ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური პროცესია არალეგალური მიგრაციის შესამცირებლად და აღსაკვეთად. გარდა ამისა, არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უცხოელებს უბიძგებს თავი შეიკავონ ლეგალიზაციის სხვადასხვა პროცედურების ბოროტად გამოყენებისგან, მათ შორის, მაგალითად საერთაშორისო დაცვის მოსაპოვებლად მიმართვისგან.

პოლონეთის ნაციონალური პოლიციის ინფორმაციით  2023 წელს პოლონეთში დანაშაული სულ 17 278-მა უცხოელმა ჩაიდინა. ეს არის 2,4 ათასით მეტი წინა წელს უცხო ქვეყნების მოქალაქეების მიერ ჩადენილ დანაშაულზე. ბოლო ათი წლის მანძილზე ეს მონაცემები 10-ჯერ არის გაზრდილი. სტატისტიკის მიხედვით პოლონეთში ყველაზე მეტი დანაშაული უკრაინელებმა ჩაიდინეს – საერთო მაჩვენებლის 50% სწორედ მათზე მოდის, მეორე ადგილზე არიან ქართველები 25%–თ. საქართველოს მოქალაქეებმა 2023 წელს პოლონეთში 2700 დანაშაული ჩაიდინეს. მესამე ადგილს კი ბელორუსები იკავებენ ათასი დანაშაულით.

უკრაინელები და ქართველები ასევე დომინირებენ არალეგალური მიგრანტების გადაყვანის საქმეში. 2023 წლის თებერვალში პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა მედიას მიაწოდა ინფორმაცია, რომ საზღვრის უკანონო კვეთაში ხელშეწყობის გამო დაკავებულთა 90%–ს უცხოელები შეადგენენ. დაკავებულთა უმრავლესობა უკრაინელი და ქართველი იყო. ანალოგიური სიტუაცია ბოლო რამდენიმე წელია ნარჩუნდება.

2019 წლის შემდეგ პოლონეთში ქართველი ემიგრანტების რაოდენობა ოთხჯერ არის გაზრდილი და 2022 წლის მონაცემებით 27 000-ს აჭარბებს.