პოლონეთში ყოფილ ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკთან, მასობრივი სამარხი იპოვეს

პოლონეთში, საკონცენტრაციო ბანაკთან ახლოს მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს – ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი იუწყება. ქალაქ ჯიალდოვოში აღმოჩენილ სამარხში სულ მცირე 8 000 ადამიანის, ჯამში კი 17.5 ტონა ფერფლია აღმოჩენილი.

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ცხედრები შეაგროვეს და დაწვეს ნაცისტური ოპერაციის დროს, რათა ჩადენილი მკვლელობების კვალი დაეფარათ. ნაცისტებმა სოლდაუში მოკლეს ებრაელები, პოლიტიკური ოპონენტები და პოლონური ელიტის წევრები.

აღნიშნული საკონცენტრაციო ბანაკი,  1939 წელს აშენდა. ითვლება, რომ იქ 30 000-მდე ადამიანი დაიღუპა და მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ნეშტების დნმ-ის ანალიზს ჩაატარებენ, რათა მეტი გაიგონ მსხვერპლის შესახებ. მოკლულ პოლონელებს შორის იყვნენ სასულიერო პირები და ინტელიგენციის წარმომადგენლები.