“პრეზიდენტმა უნდა გამოიყენოს ვეტო “- ასე ეხმაურება, პარტია “ლელოს” წევრი და პარლამენტის დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი, ადმინისტრაციულ კანონში სანქციების გამკაცრებას.
“რამდენიმე საათიც არ დასჭირდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ძალიან მკაფიო და ზუსტი განცხადება გაეკეთებინა მიღებულ, რეპრესიულ კანონთან დაკავშირებით – კანონპროექტია ფორმალურად ჯერ, მაგრამ მისი მიზანი არის პროტესტის აღკვეთა, მისი მიზანი არ არის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. ხელისუფლებამ გუშინ ამ კანონპროექტის დაჩქარებულად, ფორსირებულად – მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი საკომიტეტო მოსმენის, კომენდანტის საათის დროს ჩატარების პირობებში ძალიან სერიოზული თვითდაზიანება მიიყენა და ამის მტკიცებულება არის პირველი, მაგრამ ეს არ იქნება ერთადერთი შეერთებული შტატების მხრიდან ასეთი შეფასება. ეხლა შესაძლებელია, ცხადია, რომ პრეზიდენტმა გამოიყენოს მისთვის მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილება და მე ვისურვებდი, რომ პრეზიდენტმა ეს მექანიზმი გამოიყენოს.” – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები დღეს მეორე მოსმენით მიიღო. ცვლილებების მიხედვით, მკაცრდება სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის და იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები. ნახეთ, რა იცვლება კანონპროექტის მიხედვით.
აქტივისტები, ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ცვლილებები გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს და კოდექსს უფრო რეპრესიულს ხდის.
აშშ-ს საელჩოს განცხადებით, ქართულმა ოცნებამ მოლოდინები არ გაამართლა.