პატიმრების გათავისუფლების მანდატი პრეზიდენტს აქვს, მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიცია ცრუობს, როცა ამბობს, რომ თითქოს შეთანხმების ნაწილი იყო ,,კონკრეტული კრიმინალების” გამოშვება.

,,არის ოპოზიცია, რომელიც ცრუობს და ამბობს, რომ თითქოს შეთანხმების ნაწილი იყო ასევე იმ კონკრეტული კრიმინალების გამოშვება, რომლებსაც გარკვეული დანაშაულებები აქვს ჩადენილი და ეს სიმართლეს არ შეეფერება. იმიტომ, რომ ვერც მთავრობას, ვერც პარლამენტს ვერანაირი შესაძლებლობა, ვერანაირი ბერკეტი ვერ ექნებოდა იმისა, რომ ეს კონკრეტული ადამიანები გაათავისუფლოს ციხიდან, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ერთადერთი ადამიანი, ვისაც პატიმრების გათავისუფლების მანდატი აქვს, არის პრეზიდენტი და გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს.

,,ერთადერთი ადამიანი, ვისაც აქვს პატიმრების გათავისუფლების შესაძლებლობა და მანდატი, არის პრეზიდენტი. პრეზიდენტმა უნდა მიიღოს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. ოპოზიციას, ცხადია, რომ სურს, სიტუაციის არა განმუხტვა, არამედ პირიქით, დამუხტვა იმიტომ, რომ კარგად ხვდებიან თუ რა რეიტინგები აქვთ, იციან, რომ არჩევნების გზით, მათ არანაირი შანსი, არანაირი შესაძლებლობა არ აქვს გამარჯვების, – თქვა კახა კალაძემ.

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს შეთანხმდნენ. ,,ქართული ოცნება” აცხადებს, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება ამ შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა. ოპოზიცია მთავრობას მოუწოდებს, შეასრულოს შეთანხმება და პოლიტპატიმრები გაათავისუფლოს. ამისკენ მოუწოდებენ მმართველ პარტიას ევროპარლამენტარებიც.

13 მაისს განცხადება გაავრცელა ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერიმ. მისი თქმით, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის პოლიტპატიმრების გათავისუფლება აუცილებელია.

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ამბობს, რომ ევროპარლამენტარები ინფორმირებულები იყვნენ, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება შეთანხმების ნაწილი იყო, ამიტომ ძალიან უკმაყოფილია ,,ქართული ოცნების” პოზიციით.

ევროპარლამენტარმა, ვიოლა კონ კრამონიმ თქვა, რომ კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირება ქართულ ოცნებას არასანდო და უპასუხისმგებლო პარტნიორად აქცევს.

ანდრიუს კუბილიუსის თქმით, პოლიტპატიმრების ციხეში დატოვება საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროკავშირის დახმარების მიღებაში.