პრემიერად სააკაშვილის დასახელება ლოგიკურია ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში – დეკანოიძე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი ისანში, ხატია დეკანოიძე, ამბობს, თუ ენმ გაიმარჯვებს, ლოგიკური იქნება, რომ მიხეილ სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად დაასახელონ.

“ნებისმიერი პარტია, რომელიც არჩევნებში იღებს მონაწილეობას, მათ შორის მძლავრი პარტია ისეთი, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, რომელიც არის ნაციონალური მოძრაობა, ამ პარტიისა და ყველა პარტიის სურვილი, მისწრაფება და რწმენა არის გამარჯვება და ჩვენი რწმენა ასეთია.

ამიტომ ასეთ პარტიას, რასაკვირველია, ჩვენ გვაქვს ჩვენი უფლება, როგორ ვხედავთ ამ ქვეყნის განვითარებას და როგორ წარმოგვიდგენია ამ ბრძოლაში შესვლა, ამიტომ, სრულიად ლოგიკურია და ამაში ვერავინ ვერ შემოგვედავება, არც ერთი არგუმენტი არ ექნება ჩვენს საწინააღმდეგოდ, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს დასახელებული როგორც საქართველოს პრემიერმინისტრი ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში”,– თქვა დეკანოიძემ მთავარი არხის ეთერში.

პარტიას ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია, თუმცა ამბობენ, რომ ეს ცნობილი სექტემბრის დასაწყისში გახდება.