პრემიერობის კანდიდატ გახარიას მთავრობის შემადგენლობის წარსადგენად ერთკვირიანი ვადა აქვს

პრემიერობის კანდიდატს ერთკვირიანი ვადა აქვს იმისათვის, რომ მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს წარუდგინოს, თუმცა, ეს ბევრად უფრო ადრე შეიძლება მოხდეს

გიორგი გახარიას კანდიდატურა პრემიერ მინისტრის პოსტზე პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დღეს პარლამენტს ოფიციალურად წარუდგინა.

შესაბამის წერილს, რომელიც 12 დეკემბრით თარიღდება, ხელს პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აწერს.

ამის შემდეგ გიორგი გახარია მთავრობის წევრთა შემადგენლობას პარლამენტს წარუდგენს ნდობის მისაღებად, თუმცა ვიდრე ამ შემადგენლობის წარდგენა მოხდება, უმრავლეობასთან კონსულტაციები იქნება. ეს ამ კვირაშივე, უახლოეს დღეებში მოხდება.

“ვიმსჯელებთ კონკრეტულ კანდიდატურებზე, თუმცა მინისტრების დასახელების პრეროგატივა ეკუთვნის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას. რაც შეეხება საკითხს, თუ ვინ იქნებიან კონკრეტული მინისტრები, ცხადია, ამაზე ვერ ვისაუბრებ, ეს პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა და ძალიან მალე გახდება ცნობილი ეს საზოგადოებისთვის.

თუმცა, პრემიერ – მინისტრის ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებს უმრავლესობის შეკრება. პრემიერობის კანდიდატს ერთკვირიანი ვადა აქვს იმისათვის, რომ მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს წარუდგინოს. თუმცა, ეს ბევრად უფრო ადრე შეიძლება მოხდეს. რაც შეეხება ორ კვირას, ეს არის ვადა, რომლის ფარგლებშიც უნდა დასრულდეს მთავრობის დაკომპლექტება“, – აცხადებს უმრავლესობის წევრი, გიორგი კახიანი.