პრეპარატი “ნარკანი” შესაძლოა აფთიაქებში რეცეპტის გარეშე გაიყიდოს

პრეპარატი “ნარკანი”, შესაძლოა, სააფთიაქო ქსელში რეცეპტის გარეშე გაიყიდოს. ამის შესახებ ოცენების დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. საკითხზე დღეს პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ანტინარკოტიკული პოლიტიკის სამეცნიერო – საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ.

ხუნდაძის განმარტებით, “ნარკანის” გამოყენებისას, დროს დიდი მნიშვნელობა აქვს, რის გამოც ის აფთიაქში ურეცეპტოდ უნდა გაიყიდოს.

“არის შემთხვევები, როცა ნარკოტიკების ზედოზირებით მოხმარების შემთხვევაში დგება ლეტალური შედეგი. ასეთ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია პრეპარატ “ნარკანის” მოხმარება და დროს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ ის იყოს ხელმისაწვდომი. დღეს ის სააფთიაქო ქსელში გაიცემა მხოლოდ რეცეპტის საშუალებით და ეს რა თქმა უნდა, მისი მოპოვების დროს ზრდის და ამცირებს ხელმისაწვდომობას. ამიტომ ჯანდაცვის კომიტეტი დარგობრივ ექსპერტებთან ვიმსჯელებთ და გავცემთ შეთანხმებულ რეკომენდაციას, რომ ეს პრეპარატი გადმოვიდეს მესამე ჯგუფში, აფთიაქებში იყოს ხელმისაწვდომი და გაიცემოდეს რეცეპტის გარეშე”, – ამბობს ხუნდაძე.