პრიორიტეტად უნდა დარჩეს მედიის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპი – აშშ-ს საელჩო ტვ “პირველზე”

“პრიორიტეტად უნდა დარჩეს მედიის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპი”- ასე ეხმაურება, საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო “TV პირველის” გარშემო განვითარებულ მოვლენებს.

“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ტელეკომპანია პირველის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, სამართალდამცავებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობას. ამ გამოძიების ჩატარებისას პრიორიტეტად უნდა დარჩეს კანონის უზენაესობის დაბალანსებული, მიუკერძოებელი გამოყენება და მედიის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპი – ჟურნალისტების უფლება, დაიცვან თავიანთი წყაროები. საიდუმლო ჩანაწერები, ისევე როგორც დაშინება ან დევნა არის უკანონო და დასაგმობი და გამოძიებული უნდა იქნას კანონის შესაბამისად. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს პროფესიონალურად და თავშეკავებით მიუდგნენ ამ სიტუაციას. სასამართლო სისტემა უნდა მუშაობდეს სამართლიანად და მიუკერძოებლად და არ უნდა იქნას ბოროტად გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად შერჩევითი სამართლებრივი დევნის გზით. “- ნათქვამია აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, 6 მარტს ტელეკომპანია “პირველმა”  აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა, სადაც მოქმედი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის შვილი – ბერა ფიგურირებენ. ჩანაწერებიდან ირკვევა თუ როგორ  აგზავნიდა ბერა ივანიშვილი  ანზორ ჩუბინიძეს იმ მოზარდების დასასჯელად, რომლებიც ინტერნეტ-სივრცეში ბერას და მის ოჯახს  აკრიტიკებდნენ ან აგინებდნენ.

აღნიშნული აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ, საქალაქო სასამართლომ  პროკურატურას ნება დართო ჩანაწერების შემცველი ელექტრომატარებლები ტვ პირველიდან ამოიღოს, წინააღმდეგობის შემთხვევაში კი “გამოიყენოს პროპორციული ზომები”.