აპირებენ, ალაპარაკონ ყოფილი მინისტრი, რომ ქართული მიწა გავყიდეთ – სააკაშვილი დავით გარეჯზე

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დავით გარეჯის საკითხზე დაწყებულ გამოძიებას მმართველი გუნდის “დიდი ხნის წინ დაგეგმილ პროვოკაციას” უწოდებს.

მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს ვერავინ გაბედავდა, რომ ქართველები გარეჯში არ შეეშვათ.

“ისინი აპირებენ, რომ ჯერ ალაპარაკონ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მანჯგალაძე, რომელიც იტყვის, რომ ამ ტერიტორიების გასხვისების რაღაც დავალებები მიიღო ჩემგან თუ სხვისგან. შემდეგ აპირებენ, გამოიყვანონ მოსკოვში მცხოვრები აზერბაიჯანული წარმომავლობის ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ ფული გადაიხადეს, 70 თუ 80 მილიონი, რაც დაიბადება ფსბ პროპაგანდისტების თუ ივანიშვილის თავში, ამ მიწების გასხვისებისთვის. შემდეგ ამაზე ააგებენ ამბავს, რომ ჩვენ გავყიდეთ ქართული მიწა. სიმართლე არის სრულიად საწინააღმდეგო.

ჩემი მმართველობის დროს ყველა შეხვედრაზე ვაყენებდით საკითხს, რომ საბოლოოდ მომხდარიყო საზღვრის დელიმიტაცია და დავით გარეჯი ყოფილიყო ბოლომდე დაკანონებული, როგორც საქართველოს სუვერენული ტერიტორია. ჩვენ დროს ვერავინ გაბედავდა, ქართველები არ შეეშვათ გარეჯში და ახლა ქართველ მომლოცველებს ჩაუკეტეს ძეგლში შესვლის საშუალება”,- ამბობს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

გუშინ, 29 სექტემბერს პროკურატურამ დავით გარეჯთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის მონაკვეთების საქართველოს საზიანოდ შეთანხმებაზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

მათივე ცნობით, თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.