პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე , პროკურატურის გადაწყვეტილებით, ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე 11 სრულწლოვანის: ვახტანგ ჩიქოვანის, ვასილ მახარაძის, არჩილ გაგნიძის, ნიკოლოზ რევაზიშვილის, გიგა ტატიაშვილის, თენგიზ ბარბაქაძის, ნიკა ჟვანიას, ირაკლი მუმლაძის, საბა ჩხარტიშვილის, ირაკლი წაქაძის და საბა გოგშელიძის მიერ, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძალადობის ფაქტებზე.

პროკურატურის განმარტებით, უკვე დევნადაწყებულ ეპიზოდებზე საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტის შესაქმნელად ჩასატარებელი დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები განსხვავდება, განზრახ მკვლელობის ეპიზოდთან მიმართებაში ჩასატარებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებისგან, ასევე აუცილებელია მკვლელობის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირებისთვის მაქსიმალურად სწრაფი და ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფა.

უწყების ცნობით, “მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად ტარდება მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მისაღებია ბიოლოგიური, ქიმიური, ტრასოლოგიური, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სხვა პირთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები და უკვე მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი”.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული. საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლითაც მიმდინარეობს, 109-ე მუხლის მეორე ნაწილი 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა ჯერჯერობით ამ მუხლით ბრალი არავისთვის წარუდგენიათ.