პროპაგანდა არ მიმაჩნია მიზანშეწონილად – კალაძე პრაიდზე

თბილისის მერი კახა კალაძე ფიქრობს, რომ საქართველოში ყველა ადამიანის უფლება დაცულია, მიუხედავად სარწმუნოებისა და სექსუალური ორიენტაციისა და მათ არავის დასდევს.

მისივე თქმით, მის განცხადებას, რომ პრაიდის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის, აგრესია მოჰყვა.

კალაძე ირწმუნება, რომ ჰომოფობი არ არის, თუმცა ამბობს, რომ ამ მიმართულების “პროპაგანდა” მიზანშეწონილი არ არის.

“განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები ცხოვრობენ ჩვენთან, ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან წლების განმავლობაში, მომავალშიც იარსებებენ. ჩვეულებრივი ადამიანები არიან, როგორც ჩვენ, ორი ფეხი აქვთ, ორი ხელი აქვთ, სამსახურიდან არ აგდებენ, სარგებლობენ ყველა სერვისით.

გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს. აქვე, არსებობს პასუხისმგებლობა, რომ შენი გამოხატვის თავისუფლებით სხვისი უფლება არ უნდა შეილახოს. არავინ არ დასდევთ, არავინ არ ლახავს… ჩვეულებრივად ცხოვრობენ და არსებობენ. ამ მიმართულების პოპულარიზაცია, პროპაგანდა მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად”,– განაცხადა კალაძემ.