პუტინის გადაყენებისთვის რუსეთში გადატრიალება უკვე მიმდინარეობს – ბუდანოვი

უკრაინის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი Sky News-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ომი გარდამტეხ წერტილს აგვისტოში მიაღწევს და აქტიური საბრძოლო მოქმედებები წლის ბოლომდე დასრულდება.

მისივე თქმით, რუსეთში ვლადიმერ პუტინის გადაყენების მიზნით გადატრიალება უკვე მიმდინარეობს და რუსეთის ლიდერი მძიმედ არის დაავადებული კიბოთი.

“გადამწყვეტი წერტილი იქნება აგვისტოს მეორე ნახევარში. აქტიური საბრძოლო მოქმედებების უმეტესობა დასრულდება მიმდინარე წლის ბოლომდე. შედეგად, ჩვენ აღვადგენთ უკრაინის ძალაუფლებას ყველა ჩვენს ტერიტორიაზე, რომელიც დავკარგეთ, მათ შორის დონბასსა და ყირიმში”,– განაცხადა ბუდანოვმა.

მისივე შეფასებით, რუსეთის ტაქტიკა არ შეცვლილა, მიუხედავად მისი აღმოსავლეთისაკენ გადახრისა და ოკუპანტი დიდ ზარალს განიცდის. ბუდანოვს ომში რუსეთის წარუმატებლობა არ უკვირს.

“ჩვენ ყველაფერი ვიცით ჩვენი მტრის შესახებ. ჩვენ ვიცით მათი გეგმების შესახებ თითქმის მაშინ, როცა ისინი მზადდება.

ევროპა რუსეთს დიდ საფრთხედ აღიქვამს. მათ ეშინიათ მისი აგრესიის. ჩვენ რუსეთს რვა წელია ვებრძვით და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ძალზედ ცნობილი რუსული ძალა მითია. ის არ არის ისეთი ძლიერი, ეს არის იარაღის მქონე ხალხის ურდო”,– აღნიშნა ბუდანოვმა.