პუტინის რუსეთი არის საქართველოს მტერი – ბოკერია

“ეს დღე არის ტრაგიკული დღე, საქართველოს უახლეს ისტორიაში ბოლო აქტიური და მასშტაბური აგრესიის დღე ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან, რომელიც მრავალი წელია, ჩვენი თავისუფლების მთავარი საფრთხეა”, – განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, გიგა ბოკერიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

მისი თქმით, პუტინის რუსეთი საქართველოს მტერია და ქართულმა საზოგადოებას საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს.

“დღეს არის დღე, როდესაც პატივი უნდა მივაგოთ იმ ხალხს, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა იმას, რომ დღეს თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ და არა ოკუპირებულ საქართველოში. მათმა თავგანწირვამ, ქართულმა საზოგადოებამ და შემდეგ დაგვიანებულად, მაგრამ მაინც, თავისუფალი სამყაროს პრინციპულმა მხარდაჭერამ შეგვინარჩუნა ჩვენ სახელმწიფოებრიობა და ჩვენი ვალია, რომ ამ მონაპოვარს გავუფრთხილდეთ და გვესმოდეს, რომ ვერ მოიტყუებ თავს, რომ მტერს მტერი არ დაუძახო.

პუტინის რუსეთი არის საქართველოს მტერი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ავიცილოთ ფართომასშტაბიანი ომი, მაგრამ პირველ რიგში თავიდან ავიცილოთ საფრთხე ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლებისთვის და როცა საქმე მიდის ჩვენი სამშობლოს თავისუფლების დაცვაზე, ამისთვის გვჭირდება საზოგადოების სიმტკიცე და ერთიანობა”,-აცხადებს ბოკერია.