პუტინის ქალიშვილის პარტნიორი გვარად ზელენსკია – მედია

გამოცემა Важные истории-მ და Der Spiegel-მა ერთობლივი გამოძიება ჩაატარეს, რომლითაც დაადგინეს, რომ ვლადიმერ პუტინის შვილმა, კატერინა ტიხონოვამ ბავარიის სახელმწიფო ბალეტის ყოფილ სამხატვრო ხელმძღვანელთან, იგორ ზელენსკისთან ოჯახი შექმნა.

“ვაჟნიე ნოვოსტი” 4 წყაროზე და მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომ პუტინის ქალიშვილი მიუნხენში, სადაც იგორ ზელენსკი მუშაობდა, 2 წლის განმავლობაში დაახლოებით 50-ჯერ ჩავიდა, ზოგჯერ ის გერმანიას თვეში რამდენჯერმე სტუმრობდა. გამოცემის ცნობით, ტიხანოვასა და ზელენსკის საერთო შვილი ჰყავთ.

მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 2019 წლის 9 დეკემბერს მიუნხენიდან ვნუკოვის აეროპორტის VIP ზონაში ჩაფრინდა თვითმფრინავი, რომელშიც იმყოფებოდნენ რუსეთის პრეზიდენტის უშიშროების სამსახურის სამი თანამშრომელი, ფორტეპიანოს მასწავლებელი, ორი ძიძა, იგორ ზელენსკი და კატერინა ტიხონოვა.

“ჩვენ ხელთ გვაქვს საბუთები პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლისა და ტიხონოვას პირადი მცველის, ალექსეი სკრიპჩაკის ელექტრონული ფოსტიდან – ისინი გადმოგვცა  ანონიმურმა წყარომ.

სკრიპჩაკის დოკუმენტები შეიცავს პუტინის ქალიშვილის, ზელენსკისა და 2017 წელს დაბადებული გოგონას პასპორტებს – ტიხონოვას დაცვის თანამშრომელმა მათ ბილეთები უყიდა”,– აცხადებს “ვაჟნიე ნოვოსტი”. 

სტატიაში ვკითხულობთ, რომ 2019 წლის ბოლოს კატერინა ტიხონოვა “აშკარად დაიღალა მიუნხენში გამუდმებული ფრენით და გადაწყვიტა, პარტნიორთან გადასულიყო”. 

“ვაჟნიე ნოვოსტის” ინფორმაციით, იგორ ზელენსკიმ ბავარიის სახელმწიფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა აპრილში დატოვა, თუმცა კონტრაქტით მას ამ თანამდებობაზე 2025 წლამდე უნდა ემუშავა. ზელენსკის თანამდებობის დატოვება ოჯახური მდგომარეობით ახსნა.

“ბალეტის დასის ხელმძღვანელობა მოითხოვს აბსოლუტურ კონცენტრაციას და ეფექტურობას. თუმცა, ამჟამად, პირადი, ოჯახური საქმეები ჩემს სრულ ყურადღებას და დროს მოითხოვს, რაც შეუთავსებელია ჩემს საქმიანობასთან. ახლა ჩემს ოჯახს ჩემი მხარდაჭერა სჭირდება”,– თქვა ზელენსკიმ.