პუტინი ამტკიცებს, რომ “სპეცოპერაცია უკრაინაში“ გეგმის მიხედვით მიდის და ერთი ეტაპი “ფაქტიურად დასრულებულია“

ოპერაცია უკრაინაში გეგმის და გრაფიკის მიხედვით მიდის, ყველაფერი ისეა, როგორც რუსეთის გენშტაბმა დაგეგმა – განაცხადა პუტინმა რუსული ავიაკომპანიების მფრინავ ქალებთან შეხვედრისას.

მისი თქმით, რუსული არმიის ამოცანა უკრაინაში მისი სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება იყო და ოპერაციის ეს ნაწილი მისი აზრით “ფაქტიურად დასრულებულია“.

ის ასევე ირწმუნება, რომ ახალგაზრდა წვევამდელებს და გაწვეულებს რეზერვიდან ჯარში არ წაიყვანენ და არ იგეგმება მათი ჩართვა უკრაინაში სამხედრო მოქმედებებში.

კიდევ რა თეზისები ჩამოაყალიბა პუტინმა დღევანდელ შეხვედრაზე:

რუსეთში სამხედრო მდგომარეობის შემოღების შესახებ:

“სამხედრო მდგომარეობა ქვეყანაში კანონით პრეზიდენტის ბრძანებით შემოდის და ის ფედერაციის საბჭომ უნდა დაადასტუროს საგარეო აგრესიის დროს, მათ შორის საბრძოლო მოქმედებების კონკრეტულ რაიონებში. ჩვენ ასეთი სიტუაცია არ გვაქვს და იმედია არც გვექნება“

უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის შესახებ:

“ნებისმიერი მოძრაობა ამ მიმართულებით ჩვენს მიერ განხილული იქნება როგორც შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობა იმ ქვეყნისა, რომლის ტერიტორიიდან შეიქმნება საფრთხე ჩვენი სამხედროებისთვის.“

რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების შესახებ:

“ბრძოლის ეს მეთოდი ომის გამოცხადებას უდრის. რუსეთი დასავლეთის სანქციების პირობებში შიდა საჰაერო გადაზიდვებს განავითარებს და საკუთარ თვითმფრინავებს ააშენებს“.

უკრაინაში უცხოელი მებრძოლების შესახებ:

“ვაფიქსირებთ ახლო აღმოსავლელი ბოევიკების და ზოგიერთი ევროპული ქვეყნის მებრძოლებს. ვიცით ამის შესახებ, ეთერში მათი ხმა გვესმის.“

“ბანდეროველების“ შესახებ:

“სამწუხაროდ ამ ბანდიტებს და ნეონაცისტებს ადამიანები არ ეცოდებათ. თავის სამხედროებსაც კი ხვრეტენ, რომლებსაც არ უნდათ შეიარაღებული წინააღმდეგობა გასწიონ. ასეთი ფაქტები ჩვენც გვაქვს. ეს ნაციონალისტი ბანდეროველები ხვრეტენ საკუთარ სამხედროებს. იქ თითქმის ყველა ნაწილში ეს ნაციონალისტები არიან ჩანერგილი, რამდენიმე ათეული ადამიანი და სწორედ ასე სასტიკად მოქმედებენ.“

“შეკავების სტრატეგიული ძალების“ მომეტებული მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლის შესახებ:

“მიუხედავად განცხადებისა, რომელიც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა, როცა დაახეთქა, რომ ნატო შეიძლება კონფლიქტში იქნას ჩართული, და ჩვენ მაშინვე მოგვიწია მიგვეღო გადაწყვეტილება შეკავების ძალების განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის შესახებ, რეაქცია იყ– თქვეს, რომ არაფერი ასეთი არ უგულისხმიათ, მაგრამ ამ ქალისთვის პასუხი არავის მოუთხოვია! ქალი, საგარეო საქმეთა მინისტრი! ვინმემ ამაზე რამე მაინც თქვა? იცით, ეს მისი პირადი აზრია, ნუ მიაქცევთ ყურადღებას! – არავინ, არაფერი თქვა.“

ე.წ. სპეცოპერაციის დაწყების შესახებ:

პუტინი ამტკიცებს, რომ ეს გადაწყვეტილება “მძიმე იყო“ და უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებისკენ უბიძგა კიევის განზრახვამ, ბირთვული სახელმწიფოს სტატუსი მიიღოს.

“ეს შესაძლებელია. ოკეანისგაღმიდან დაეხმარებიან, და ამ წამიდან ჩვენი მოწინააღმდეგე ნატო გახდება“– თქვა პუტინმა.

რუსეთისთვის იმის მტკიცების საბაბი, რომ უკრაინას ბირთვული იარაღის მიღება უნდა, გახდა ზელენსკის განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, 19 თებერვალს.

გამოსვლისას ზელენსკის არ უხსენებია ბირთვული იარაღის შექმნა. თუმცა, მან თქვა, რომ გავა შეთანხმებების პაკეტიდან, რომელსაც ბუდაპეშტის მემორანდუმი ითვალისწინებს და რომლის მიხედვით კიევმა უარი თქვა ბირთვულ იარაღზე ხელმომწერი ქვეყნების მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ(რუსეთი, აშშ და დიდი ბრიტანეთი).

რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაცია უკრაინის საზღვართან ზელენსკის განცხადებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. აშშ და მისი მოკავშირეები ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოდან აცხადებდნენ, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავდა.