პუტინი გაჭიანურებული ომისთვის ემზადება – აშშ-ს დაზვერვა

აშშ-ს ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა, ავრილ ჰეინსმა კონგრესში რუსეთ-უკრაინის ომის შესაძლო განვითარებაზე ისაუბრა და თქვა, რომ პუტინი გაჭიანურებული ომისთვის ემზადება, უახლოეს თვეებში კი ომი “უფრო არაპროგნოზირებადი და ესკალაციური” გახდება.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის შემდეგი ნაბიჯების პროგნოზირება გართულდება, რადგან “პუტინი აწყდება შეუსაბამობას თავის ამბიციებსა და რუსეთის ამჟამინდელ სამხედრო შესაძლებლობებს შორის“.

ჰეინსის ცნობით, შეიძლება გაიზარდოს იმის ალბათობა, რომ პუტინი უფრო მკვეთრ საშუალებებს მიმართავს, რაც შეიძლება იყოს საომარი მდგომარეობის გამოცხადება, სამხედრო მოქმედებების ესკალაცია.

მანვე კონგრესს განუცხადა, რომ არ სჯერათ პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების, თუ ის არ იგრძნობს რუსეთისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს.

ჰეინსმა აღნიშნა, რომ რუსეთის გეგმები, სავარაუდოდ, სცილდება დონბასის რეგიონს და იქ წარმატების შემთხვევაში, ომი არ დასრულდება.

დაზვერვის ხელმძღვანელის განმარტებით, ისინი ვერ ხედავენ მოლაპარაკებების ეფექტურ გზას, სულ მცირე, მოკლევადიან პერიოდში, რადგან ორივე მხარეს სჯერა, რომ შეუძლია, განაგრძოს პროგრესი სამხედრო გზით.