“პუტინი დაბრმავებულია განდიდების მანიით და შოკირებულია დასავლეთის პასუხით“–კონდოლიზა რაისი უკრაინის ომზე, საქართველოზე და პუტინზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა კონდოლიზა რაისმა BBC Newsnight-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამერიკის ადმინისტრაცია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, იმისდა მიუხედავად, თუ ვინ გახდება თეთრი სახლის შემდეგი ბინადარი.

ამჟამმად სტენფორდის უნივერსიტეტის ომის, რევოლუციისა და მშვიდობის ჰუვერის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა რაისმა ისაუბრა პრეზიდენტ პუტინთან მოლაპარაკებების პირად გამოცდილებაზე და განმარტა დასავლეთის ყოყმანის მიზეზები მოსკოვისთვის სანქციების დაწესებაზე 2008 წლის საქართველოში შემოჭრის გამო.

ვინ არის დამნაშავე?

სხვათა შორის, რაისს პირდაპირ ჰკითხეს, ეთანხმება თუ არა ის, რომ ვაშინგტონს ეკისრება მორალური პასუხისმგებლობა იმაზე, რასაც ბევრი მიიჩნევს არასაკმარის დიპლომატიურ პასუხად 2008 წელს პეკინის ოლიმპიადის დროს საქართველოში რუსეთის შეჭრაზე.

მ დროს სწორედ რაისი ხელმძღვანელობდა ამერიკულ დიპლომატიას.

ამ თვალსაზრისის მიხედვით, სწორედ დასავლეთის სუსტი რეაქცია საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაზე დაეხმარა პუტინს 2014 წელს ყირიმის ანექსიის და დონბასში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების გადაწყვეტილებაში.

და მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ნორმების ეს დარღვევა კრემლისთვის პრაქტიკულად დაუსჯელი დარჩა, რვა წლის შემდეგ, 2022 წელს, მან დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში.

„უკრაინა ნატოს წევრი რომ ყოფილიყო, შეიძლებოდა ის ამაზე არ წასულიყო? – ჰკითხა გადაცემის წამყვანმა კონდოლიზა რაისს.

საპასუხოდ რაისმა გაიხსენა, რომ 2008 წელს მსოფლიო ფინანსური კრიზისი გაჩაღდა, რამაც გაართულა უფრო სერიოზული ეკონომიკური სანქციების შემოღების პერსპექტივა.

მისი თქმით, შესაძლოა, ამერიკის ადმინისტრაციას სიამოვნებით მიეწოდებინა საქართველოს უფრო მნიშვნელოვანი დახმარება, მაგრამ რეალურ სამყაროში ასეთი შესაძლებლობა უბრალოდ არ არსებობდა.

რაც შეეხება ყირიმის ანექსიას და დონბასში საომარი მოქმედებების დაწყებას, რაისის თქმით, კიდევ ერთხელ, ბევრი ამერიკის ადმინისტრაციაში მაშინ ამბობდა, რომ უკრაინის მომავალს ნატოში ხედავდნენ – და სწორედ ამ მიმართულებით იყო საჭირო მუშაობა.

“შესაძლოა, [უკრაინის ტერიტორიის ხარჯზე] ერთგვარი “ნეიტრალური ზონის” შექმნა შეცდომა იყო”, – აღიარა კონდოლიზა რაისმა. „მაგრამ უნდა ვთქვა, რომ პასუხმა, რომელიც ამჯერად პუტინმა მიიღო დასავლეთიდან [როგორც რეაქცია სრულმასშტაბიან შემოჭრაზე], ალბათ შოკში ჩააგდო. რადგან [ამჯერად] ამერიკამაც და ევროპამაც ძალიან სერიოზულად უპასუხეს.

BBC-ის წამყვანს ეჭვი შეეპარა, რომ პუტინის შოკირება ადვილად არის შესაძლებელი,  მაგრამ რაისმა დაადასტურა, რომ სიტყვების შერჩევისას არ შემცდარა.

”მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ის შოკირებულია,” გაიმეორა მან.რაისის თქმით, პუტინი იმპერიული კატეგორიებით აზროვნებს.

მისი პრეტენზიები იმ საფრთხის შესახებ, რომელსაც ნატო, თითქოსდა, უქმნის რუსეთს, მხოლოდ კრემლის ნამდვილი მიზნის შესანიღბად გამოიყენება. ყოფილი სახელმწიფო მდივნის თქმით, პუტინი თავის ისტორიულ როლს რუსეთის, უფრო სწორად, საბჭოთა იმპერიის აღდგენაში ხედავს.

”მე მას საკმაოდ კარგად ვიცნობდი წლების განმავლობაში,” იხსენებს იგი. ”მის ირგვლივ ყოველთვის იყვნენ ადამიანები, საკმარისად ძლიერი ფიგურები, რომლებსაც შეეძლოთ ესაუბრათ მასთან, და ჩემი აზრით სიმართლე ეთქვათ. მაგრამ მის გარშემო სხვა ხალხიც იყო, და ახლა მხოლოდ ისინი დარჩნენ. ესენი არიან უდავო შემსრულებლები. პუტინმა პანდემია გაატარა „თანამედროვე რასპუტინებთან“ კომუნიკაციაში, რომლებიც ჩასჩურჩულებდნენ რუსეთის პრეზიდენტს მის „მემკვიდრეობაზე“ – მის, ასე ვთქვათ, „დანიშნულებაზე“, „ისტორიულ როლზე“ – აღედგინა, აღადგინოს რუსეთის იმპერია.

“და რაღაც მომენტში ის უბრალოდ დაბრმავდა განდიდების მანიით, და მან მთლიანად დაკარგა მისი  ქმედებების შედეგების გათვლის უნარი.”–თქვა რაისმა.

სამი პოზიცია ერთი შედეგით

პირდაპირ კითხვაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ამერიკის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, პროფესორმა რაისმა გამოთქვა რწმენა, რომ აშშ-ის დახმარება კიევისთვის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ნამდვილად არ შეწყდება.

“ ვისაც არ უნდა ეკავოს აშშ–ს პრეზიდენტის პოსტი  – ახლა თუ მომავალში – მას, რა თქმა უნდა, შეუძლია სცადოს აპელირება გლობალური კონფლიქტებისგან ამერიკელების დაღლილობაზე. თუმცა, საბოლოოდ, მეჩვენება, რომ ამერიკა და მისი ხალხი ყოველთვის ართმევდნენ თავს ამოცანას: პირველ მსოფლიო ომში, მეორეში და 11 სექტემბრის თავდასხმის შემდეგ და ახლა უკრაინაში. ვფიქრობ, ამაში კიდევ ერთხელ თავად დარწმუნდებით“–თქვა დიპლომატმა.

უკრაინის ომისადმი მათი დამოკიდებულებით, რესპუბლიკელები, რაისის თქმით, ახლა სამ ძირითად ბანაკად არიან დაყოფილი.

“არიან ისეთებიც, რომლებიც ძალიან მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინას და ამტკიცებენ, რაც, ჩემი აზრით, ძალიან დამაჯერებელი არგუმენტია, რომ ამერიკის ინტერესებშია დარწმუნდეს, რომ ვლადიმერ პუტინის აგრესია [უკრაინაში] მისი გამარჯვებით არ დასრულდება.

[მეორე ბანაკი] არიან ისინი, ვინც, შესაძლოა, ცოტათი თავს იზღვევენ და ამბობენ, რომ მათ სურთ უკრაინიდან უფრო დამაჯერებელი მტკიცებულებების ნახვა იმისა, რომ [ამერიკული] ფული იქ იხარჯება დანიშნულებისამებრ და ა.შ. მაგრამ ეს ხალხი არც კი ფიქრობს შეწყვიტოს [კიევის მხარდაჭერა]“.

„და ბოლოს, დიახ, ისმის იზოლაციონისტების ხმები. მაგრამ ისევ… დარწმუნებული ვარ, ვინც შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდება, სწრაფად მიხვდება, რომ იზოლაციონიზმი არის საეჭვო პოზიცია, რომელიც ჩვენს დიპლომატიას და ჩვენს გარშემო არსებულ სამყაროს საშუალებას მისცემს დაიშალოს. და მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, აშშ-ს ნებისმიერი პრეზიდენტი, რომელიც ასეთ პოზიციას დაიკავებს ამერიკელებისთვის ძალიან არაპოპულარული იქნება“, – თქვა კონდოლიზა რაისმა Newsnight-თან ინტერვიუში.

სხვა თემები

უკრაინის ომის მიღმა, BBC  რაისს ესაუბრა  პეკინის კონფლიქტზე ტაივანთან მის შეხედულებაზე, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იყო მთავარი დაბრკოლება აშშ-ჩინეთის ურთიერთობებში.

ტაივანი, რომელსაც ჩინეთი თავის ტერიტორიად თვლის, შეერთებული შტატების მფარველობის ქვეშ იმყოფება, რაც, მრავალი ექსპერტის აზრით, ერთადერთია, რაც ჩინეთს აიძულებს თავი შეიკავოს კუნძულზე შეიარაღებული შეჭრისგან.

ამ ვერსიით, ვაშინგტონის მხარდაჭერის გარეშე, ტაიპეი (რომელიც თავის თავს ოფიციალურად უწოდებს “ჩინეთის რესპუბლიკის მთავრობის დროებით ადგილს კომუნისტური აჯანყების დროს”) დიდი ხნის წინ აღმოჩნდებოდა ჩინეთის კონტროლის ქვეშ.

კონდოლიზა რაისის თქმით, ჩინეთმა წარმატებით გამოიყენა თავისი უნიკალური პოზიცია მსოფლიო ბაზარზე, რითაც შექმნა ძლიერი სამხედრო პოტენციალი.

„სი ძინპინი ხელისუფლებაში მოვიდა დაპირებით, რომ გაუსწრებდა აშშ-ს ეკონომიკას [როგორც მსოფლიო ლიდერი ტექნოლოგიების სფეროში]“, – იხსენებს დიპლომატი, „და ასევე უფრო მკაცრი პოზიციის დაჭერით მეზობლებთან სამხრეთ ჩინეთის ზღვაში“.

”რა თქმა უნდა, ვაშინგტონში ამან გამოიწვია შესაბამისი რეაქცია,” – განმარტა მან. ”ასე რომ, ეს არ არის ჩინეთი, რომელიც ადრე ვიცოდით. და, შედეგად, ურთიერთობა აშშ-სა და ჩინეთს შორის ასევე განსხვავებულია. ”

პირდაპირ კითხვაზე, რამდენად სავარაუდოა, რომ ტაივანის კონფლიქტი გადაიზარდოს ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის პირდაპირ დაპირისპირებაში, რაისმა უპასუხა, რომ ასეთი სცენარი ჯერ კიდევ სავსებით შესაძლებელია.

„ამ კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია იმის უზრუნველყოფა, რომ ტაივანი სამხედრო თვალსაზრისით საკმარისად მომზადებული იყოს, რათა შეძლოს [აშშ-ს დახმარებით] შეეწინააღმდეგოს ჩინეთის აგრესიას რეგიონში“, – თქვა მან.

„კერძოდ, რომ დავრწმუნდეთ, რომ ამერიკის სამხედრო ძალაუფლება რეგიონში აღდგა […] და ჩინეთს ავუხსნათ, რომ ტაივანის სრუტეში კონფლიქტი არც ერთი მხარისთვის არ არის მომგებიანი“, – თქვა რაისმა.

რაისი, რომელიც 2005 წელს გახდა მეორე ქალი (მადლენ ოლბრაიტის შემდეგ) და პირველი შავკანიანი ქალი, რომელიც ხელმძღვანელობდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, პოლიტიკაში  სტენფორდის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების განყოფილებიდან მოვიდა.

1989 წელს ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა პროფესორი რაისი მიიწვია მის მრჩევლად აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით. ამ რანგში იგი წარმოადგენდა შეერთებულ შტატებს საერთაშორისო ასპარეზზე გერმანიის გაერთიანებისა და სსრკ-ს დაშლის დროს.

ზოგიერთი წყაროს თანახმად, სსრკ-ს პრეზიდენტისთვის კონდოლიზა რაისის გაცნობისას, ბუშ უფროსმა აღიარა, რომ მთელი თავის ცოდნას სსრკ-ს შესახებ მას უმადლოდა.

”ეს არის კონდოლიზა რაისი”, – თქვა ბუშმა გორბაჩოვთან შეხვედრაზე 1989 წლის დეკემბერში. ”ყველაფერი რაც ვიცი საბჭოთა კავშირის შესახებ, მისგან ვიცი.”