პუტინი ცდილობს ომის წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობა მოიხსნას და სხვებს დააბრალოს – ISW

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) რეგულარულ შემაჯამებელ ანალიზში აღნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ბოლო საჯარო გამოსვლებში, კვლავ ცდილობდა გაეთეთრებინა თავისი იმიჯი რუსების თვალში და ომში წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობა სხვებზე გადაეტანა.

ISW-ის ანალიტიკოსები იხსენებენ, რომ პუტინმა ცოტა ხნის წინ რამდენიმე განცხადება გააკეთა, თითქოს რუსეთს ომის რაც შეიძლება მალე დასრულება სურს და მეორე მხრივ, რომ არ სურს საომარი მოქმედებების გააქტიურება, რათა არ გაიზარდოს მსხვერპლთა რაოდენობა.

ორივე ეს ბრალდება კრემლის კოორდინირებული კამპანიის ნაწილია, რომელიც ამართლებს პუტინის ძვირადღირებულ ომს შიდა აუდიტორიის თვალში, რომელიც სულ უფრო სერიოზულ მსხვერპლს იღებს კრემლის არარეალური მიზნების მისაღწევად.

ინსტიტუტის ანალიტიკოსები თვლიან, რომ ერთ-ერთი, ვისაც პუტინი წარუმატებლობაში ადანაშაულებს, არის გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი, რომელიც წინა დღეს პირველად გამოჩნდა ეკრანებზე დამოუკიდებელ ამპლუაში ხანგრძლივი შესვენების შემდეგ.

გერასიმოვი ესაუბრა უცხოელ სამხედრო ატაშეებს და, როგორც მოხსენების ავტორები წერენ, ომის იგივე დასაბუთება წამოაყენა, რომელიც რეალობას არ შეესაბამება: „ნეონაციზმი“ უკრაინაში და „კიევის მომზადება დონბასსა და ყირიმზე თავდასხმისთვის. ”

„კრემლი თითქმის ათი თვის განმავლობაში, 17 დეკემბრამდე, თავს იკავებდა გერესიმოვის საზოგადოებისთვის ჩვენებისგან. ახლა კი, როცა მალე ომის მეორე წელი უნდა დაიწყოს, ის, ალბათ, ცდილობს მის [საჯარო სივრცეში] საჯარო ფიგურად წარმოჩენას, რომელიც ამ ომზე პასუხისმგებელია“ – ვარაუდობენ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსები.