პუტინმა სამხედრო სამსახურის ხელშეკრულების გაფორმებისთვის ასაკობრივი შეზღუდვები გააუქმა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უქმდება პირველი სამხედრო სამსახურის ხელშეკრულების დადების ასაკობრივი ზღვარი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

პუტინის მიერ დამტკიცებული კანონი შრომისუნარიან მოქალაქეებს უუქმებს ასაკობრივ ზღვარს, რომლითაც მათ ეძლევათ უფლება, დადონ რუსეთის ჯარში სამხედრო სამსახურის პირველი კონტრაქტი. აქამდე რუსეთის მოქალაქეებს შეეძლოთ პირველი კონტრაქტის დადება 18-დან 40 წლამდე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს – 30 წლამდე. ახლა სამუშაო ასაკის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები არ იქნება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ სამხედრო სამსახურის პირველი ხელშეკრულების გაფორმებისთვის ასაკობრივი შეზღუდვის გაუქმება ხელს შეუწყობს ჯარში მძღოლების, მედიკოსების და მზარეულების მიზიდვას.

კვირის დასაწყისში, სახელმწიფო დუმამ ერთდროულად სამი მოსმენით მიიღო კანონი სამხედრო სამსახურის პირველი ხელშეკრულების დადების ასაკობრივი ზღვრის გაუქმების შესახებ.

რუსული საინფორმაციო სააგენტოები არ ავრცელებენ დეტალებს იმის შესახებ, თუ როგორ მისცეს ხმა სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა და რამდენი ხმა მიიღო დოკუმენტმა სამი მოსმენით.