პუტინს რუსეთის სამხედრო მოქმედებებზე დეზინფორმაციას აწვდიან – აშშ

აშშ-ს ოფიციალური პირი დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით CNN-თან საუბრისას აცხადებს, რომ პუტინს თავისი მრჩევლები დეზინფორმაციას აწვდიან რუსეთის სამხედრო მოქმედებებისა და სანქციების შესახებ.

„ჩვენ გვჯერა, რომ პუტინს მისი მრჩევლები დეზინფორმაციას აწვდიან იმის შესახებ, თუ რამდენად ცუდად მუშაობს რუსული არმია და როგორ ითრგუნება რუსეთის ეკონომიკა სანქციებით, რადგან მის უფროს მრჩევლებს ძალიან ეშინიათ მისთვის სიმართლის თქმის“, – ამბობს ამერიკელი ოფიციალური პირი.

მისივე ცნობით, აშშ-ს აქვს ინფორმაცია, რომ პუტინმა გაიგო დეზინფორმაციის შესახებ, რამაც გამოიწვია განხეთქილება მასსა და თავდაცვის მაღალჩინოსნებს შორის.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ პუტინი თავს მოტყუებულად გრძნობდა რუსი სამხედროების მხრიდან. ახლა არის მუდმივი დაძაბულობა პუტინსა და [თავდაცვის სამინისტროს] შორის, რაც გამოწვეულია პუტინის უნდობლობით თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის მიმართ“, – აღნიშნავს ოფიციალური პირი.