ჟურნალისტ ქსენია სობჩაკის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. აღძრულია საქმე გამოძალვის მუხლით

ჟურნალისის და ტელეწამყვანის, ქსენია სობჩაკის სახლში, პადმასკოვიეში ჩხრეკა მიმდინარეობს. ამის შესახებ რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერენ. გუშინ გამოჩნდა ინფორმაცია მისი კომერციული დირექტორის, კირილ სუხანოვის დაპატიმრების შესახებ.

ჩხრეკა გამოძალვის ბრალდებით აღძრული საქმის გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც კირილ სუხანოვის წინააღმდეგ აღიძრა. თავად ჟურნალისტს ჯერჯერობით არანაირი პროცესუალური სტატუსი ამ საქმეში არ აქვს.

სუხანოვი ეჭვმიტანილია “ჩინოვნიკების მიმართ გამოძალვაში ტელეგრამ–არხების საშუალებით“– წერს სააგენტო რია ნოვოსტი.

კიდევ ერთი გამოცემის, რბკ–ს წყაროს ინფორმაციით კი საქმე უკავშირდება ფულის გამოძალვას ე.წ. დაბლოკვისთვის, რაც ნიშნავს ფულის სანაცვლოდ არხის მიერ ამა თუ იმ პერსონის ან კომპანიის არმოხსენიებას.

სობჩაკის კომერციულ დირექტორთან ერთად დააკავეს “ტატლერის“ ყოფილი მთავარი რედაქტორი, არიანა რომანოვსკი – წერენ რბკ და ტელეგრამ არხი “ბაზა“.

სობჩაკმა გუშინ სუხანოვის დაპატიმრებას ჟურნალისტიკაზე ზეწოლა უწოდა.

“ეს უბრალოდ ბოდვაა, სასაცილოა, ნონსენსია. კირილი ბიზნესმენია და ჩვენმ რეკლამებზე მუშაობს. მე და მთელი რედაქცია ამ ფაქტს ვაფასებთ როგორც მორიგ ზეწოლას ქვეყანაში ჟურნალისტიკაზე. ჩვენ ვერაფერი მოგვიძებნეს და ეს აცოფებთ. ისინი მუდმივად აპატიმრებენ ჩემს ჟურნალისტებს. ახლა კირილი დაიჭირეს და საქმეს კერავენ“– ნათქვამია სობჩაკის ტელეგრამ არხზე გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთში ჟურნალისტებზე ზეწოლა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მედია ორგანიზაციების ასობით თანამშრომელი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა სისხლის სამართლის კოდექსში ახალი მუხლის ამოქმედების შემდეგ, რომელიც რუსული “არმიის დისკრედიტაციისთვის“ და “სამხედრო ფეიკებისთვის“ ციხეს ითვალისწინებს.

სობჩაკის მედია პროექტს ტელეგრამზე 1.5 მილიონი ხელმომწერი ყავს, იუთუბ არხზე კი 3.2 მილიონი გამომწერი. დღემდე ის კარგად ახერხებდა ჯარიმებისთვის და დაპატიმრებისთვის თავი აერიდებინა. თუმცა, სამართალდამცავების ყურადღება არაერთხელ მიიპყრეს ადამიანებმა, ვისთანაც სობჩაკმა ინტერვიუ აიღო.

7 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ რეჟისორი და დოკუმენტალისტი, ვიტალი მანსკი ცილისწამების შესახებ სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი გახდა, რომელიც იუთუბ არხზე სობჩაკთან მისი ინტერვიუს შემდეგ რეჟისორ ნიკიტა მიხალკოვის მოთხოვნით აღიძრა. ინტერვიუში მანსკი ამბობდა, რომ მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე ბიუჯეტის 85%–ს იპარავენ. ამ ფესტივალის პრეზიდენტი მიხალკოვია. სობჩაკი ამ საქმეზე მოწმის სახით დაკითხეს.

ოქტომბრის დასაწყისში სახელმწიფო მედიაში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ამავე ინტერვიუს გამო პოლიციამ შეიძლება საქმე თავად სობჩაკის წინააღმდეგ აღძრას სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ ფეიკების გავრცელებისთვის. თუმცა, ამ საქმეს გაგრძელება არ მოყოლია.

გასულ კვირას სობჩაკის პროექტის ჟურნალისტები, სერგეი ერჟენკოვი და ევგენია ტერენოვა ტვერში დაიჭირეს, როცა ისინი მობილიზებულების საცხოვრებელ პირობებს იღებდნენ.

მანამდე პოლიციამ საქმე აღძრა სერგეი ერჟენკოვის და ბლოგერ სერგეი სკორეევის წინააღმდეგ ვანდალიზმის გამო. მარტში მათ რიაზანსკის ოლქში ლენინის ძეგლის პოსტამენტზე დაწერეს “პუტინო წადი!“. აგვისტოში მათ სასამართლომ ამის გამო ჯარიმა შეუფარდა.