ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამერიკული სანქციების კანდიდატია და სწორედ ამას ნიშნავს წერილი, რომელიც ამერიკელმა სენატორებმა ტედ კრუზმა და ჯონ კორნინმა, ასევე კონგრესმენებმა ჯოდი არინგტონმა და მარკვეინ მალინმა აშშ–ს სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრს, სტივენ მნუჩინს გაუგზავნეს და რომელშიც საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთება გამოხატეს.
ნათელაშვილი სენატორ კრუზთან საკუთარი ნაცნობობის შესახებაც ყვება და ამბობს, რომ ის ამერიკაში ერთ–ერთი გავლენიანი პოლიტიკოსია.
“სენატორ კრუზი გახლავთ ყველაზე თვალსაჩინო ქაიზმატული ამერიკელი ლიდერი, დღევანდელ რეალობაში ეროვნული მაშტაბით სამეულში გადის – ტრამპი, ბაიდენი და კრუზი. წინა არჩევნების დროს მეორე ადგილზე იყო ტრამპის შემდეგ, მაგრამ პრაიმერიზი მოიგო ტრამპმა. ტრამპს დაუჭირა მხარი, იმიტომ რომ პარტიის ყრილობამ ასე გადაწყვიტა. ტრამპის თანამებრძოლია. ქარიზმით სავსეა და ძალიან გავლენიანია. ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს უკვე 2011 წლიდან, გვქონდა 7 შეხვედრა. უახლოეს ათწლეულში თუ ჩემს პროგნოზს დაეჯერება პრეზიდენტი გახდება კრუზი. რესპუბლიკური პარტიის ყველაზე ქარიზმატული ლიდერია, მომავლის ლიდერი, უზარმაზარი გავლენების მქონე ამერიკული პოლიტიკაში.
რამდენიმე საათია ივანიშვილი და საქართველოს ხელისუფლება გახლავთ სანქცირების კანდიდატი ოფიციალურად. კრუზის წერილი დარეგისტრირებულია უკვე სახელმწიფო მდივანთან და რაც მთავარია აშშ–ს ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების სამმართველოში, და უმძიმესი ბრალდებებით. რუსულ იმპერიალიზმთან და ირანელ აიათოლებთან უკანონო, ამერიკის და დასავლეთის საწინააღმდეგო კავშირთან დაკავშირებით. ამერიკული ინვესტიციების დევნაზე, და ქართული მმართველობის მოშლაზე. აბსოლუტურად ზუსტი დიაგნოზებია და ეს გახლავთ ის პოსტულატები, რის თაობაზეც მე და კრუზს საუბარი გვქონდა 2019 წლის 20 ნოემბერს ვაშინგტონში, სენატში შეხვედრის დროს. ესეთი დეტალები მაშინ არ გაცხადდა გარკვეული დიპლომატიური ეტიკეტის გამო. ჩვენი ეს ბოლო შეხვედრა დამთავრდა იმით, რომ მან დამაბარა საქართველოსთან და ქართველ ხალხთან, რომ ბოლომდე ჩვენს გვერდით დადგებოდა ანტიხალხური ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში.
თავიდან ეს არავის არ ეჯერა. მეც კი ხანდახან ეჭვი მეპარებოდა, იმიტომ რომ ასე თუ ისე მოახერხეს მათ გარკვეული ლობისტური ჯგუფის შექმნა შეერთებულ შტატებში.
სანქციები იქნება დიპლომატიური და ფინანსური, პერსონალური, ბიძინა ივანიშვილის და არა ქვეყნის მიმართ. ამაზე არ წავლენ, იმიტომ რომ იციან, რომ ქვეყანა ამერიკის სტრატეგიული პარტნიორია.
ხელისუფლება გუშინდელი დღის შემდეგ ჩათვალეთ რომ წასულია. არავინ სანქცირების კანდიდატ ხელისუფლებას არ აირჩევს, და რომც აირჩიონ არავინ არ აღიარებს და ლეგიტიმაციას არ მიცემს.
მთავარი დაიწყო და ამას მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი. დაიწყო ხელისუფლების შეცვლის პროცესი, ხელისუფლების გადაბარების პროცესი. ივანიშვილის რეჟიმს ურჩევნია ბევრი არ იქნიოს ხელები და ფეხები, გაამზადოს გადაბარებისათვის ბარგი, ბუღალტერია, ბალანსი, აუდიტი, შეწყვიტოს ქვეყნის გაძარცვა და საბანკო ანგარიშების ოფშორებში გადატანა, რათა შემსუბუქდეს მათზე პასუხისმგებლობა, თუმცა ეჭვი მეპარება ძალიან დიდი შემსუბუქება იყოს. დგება კოალიციური მართვის ეპოქა ჩვენი ქვეყნისათვის.“– ამბობს ნათელაშვილი.