რამდენი მილიარდი დოლარი დასჭირდება უკრაინის აღდგენას – დენის შმიგალის განმარტება

შვეიცარიაში “უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე” გამოსვლისას ფინანსური დახმარების აუცილებლობაზე საუბრისას, უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, ქვეყნის აღდგენის გეგმა დაახლოებით 750 მილიარდი დოლარი დაჯდება. მან ასევე დასძინა, რომ რუსეთის გაყინული აქტივები, სხვადასხვა შეფასებით, 300-დან 500 მილიარდ დოლარამდე მერყეობს და  დაფინანსების მთავარი წყარო, ის რუსული აქტივები უნდა იყოს, რომელიც რუსებს ჩამოერთვათ.

“ვინ უნდა გადაიხადოს აღდგენის გეგმა, რომელიც უკვე 750 მილიარდ დოლარად არის შეფასებული? მიგვაჩნია, რომ აღდგენის მთავარი წყარო რუსეთისა და რუსი ოლიგარქების ჩამორთმეული აქტივები უნდა იყოს. რუსეთის ხელისუფლებამ ეს სისხლიანი ომი გააჩაღა. მათ გამოიწვიეს ეს მასიური ნგრევა და მათ პასუხი უნდა აგონ მასზე.

1200-ზე მეტი საგანმანათლებლო დაწესებულება, 200-ზე მეტი საავადმყოფო, ათასობით კილომეტრიანი გაზსადენი, წყლისა და ელექტროენერგიის ქსელი, გზები და რკინიგზა განადგურდა ან დაზიანდა”. – თქვა შმიგალმა.