რამდენი ფულია საჭირო ბედნიერებისთვის – მეცნიერებმა პასუხი იპოვეს

არაერთხელ გაგვიგონია, რომ ბედნიერებას ვერ იყიდი, მაგრამ რამდენიმე ამერიკული კვლევის ავტორები ამ საკთხთან დაკავშირებით მივიდნენ დასკვნამდე, რომ შემოსავლის ზრდის პარალელურად ბედნიერების შეგრძნება იზრდება.

ამასთან , მეცნიერებმა მარტივი კანონზომიერება დაადასტურეს, რომელსაც ადრეც ბევრი ხვდებოდა: რაც უფრო მეტი ფული აქვს ადამიანს, მით უფრო ბედნიერად გრძნობს თავს.

2010 წელს გამოქვეყნებული კვლევის ავტორები ამტკიცებდნენ, რომ ბედნიერების დონე მას შემდეგ აღარ იზრდება, რაც ადამიანი წელიწადში 75000 დოლარიანი ხელფასის ზღვარს გადალახავს, თუმცა ახალი სამეცნიერო კვლევა, რომელიც ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნდა ამტკიცებს, რომ ზღვარი არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში ადამიანების ზოგიერთი კატეგორიისთვის.

კვლევის ერთ–ერთი ავტორი, ფსიქოლოგი ჯინ ტვენჯერი სან დიეგოს უნივერსიტეტიდან  ყვება, რომ მისი დასკვნები 30 წელს გადაცილებული 40 ათასი ამერიკელის მონაცემებს ეფუძნება.

კვლევის დროს, რომელიც 1972 –დან 2016 წლამდე გრძელდებოდა, მეცნიერები შეეცადნენ განესაზვრად, როგორ იცვლებოდა ამ წლების მანძილზე კავშირი ბედნიერების შესახებ წარმოდგენასა და ფულის რაოდენობას შორის.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ დღევანდელობაში ბედნიერება ფინანსებზე უფრო მეტად არის დამოკიდებული, ვიდრე წარსულში. ანუ, თუ მათ დასკვნებს დავუჯერებთ, ჩვენს დროში ფულით უფრო მეტი ბედნიერების ყიდვა შეიძლება, ვიდრე ადრე.

მეცნიერებმა გადაწყვიტეს ეს საკითხი კვლევის მონაწილეთა სოციალური კლასის პრიზმაში განეხილათ, განსაკუთრებით შემოსავლებისა და განათლების კუთხით.

1970–იან წლებში თეთრკანიან ამერიკელებს შორის თანაბრად “ძალიან ბედნიერები“ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც უმაღლესი განათლება მიიღეს და ისინიც, რომლებიც საშუალო სკოლით შემოიფარგლა – ამ კატეგორიის გამოკითხულთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 40%.

თუმცა, 2010 წლისთვის განათლებამ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა თეთრკანიან მოსახლეობაში ბედნიერების შეგრძნების მატებაში. მათ შორის, ვისაც უმაღლესი განათლება არ მიუღია, მხოლოდ 29%–მა დაასახელა თავი ბედნიერად, უმაღლეს განათლებამიღებლთა შორის კი ეს მაჩვენებელი კვლავ 40 % აღმოჩნდა.

ანალოგიური მაჩვენებელი დაფიქსირდა 2010 წელს შემოსავლებისა და ბედნიერების კავშირის კვლევისას.

შავკანიან ამერიკელთა შორის განათლებული და მდიდარი ადამიანების ბედნიერების დონე დაკვირვების განმავლობაში გაიზარდა, უფულო და განათლების არმქონე ადამიანებში კი არსებითად არ შეცვლილა.

უფრო მეტიც, წინა კვლევებისგან განსხვავებით გაირკვა, რომ ამ კატეგორიაში ბედნიერების დონე გამუდმებით იზრდება შემოსავლის ზრდის კვალდაკვალ: მაგალითად, ადამიანები, ვისაც წელიწადში 160 ათასი დოლარი აქვთ შემოსავალი, უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე ისინი, ვინც წელიწადში 115–დან 160 ათას დოლარამდე გამოიმუშავებს.

სოციალური უთანასწორების უფსკრული:

ამას რამდენიმე ახსნა აქვს. ჯერ ერთი, ბოლო წლების მანძილზე შემოსავლებში უთანასწორობა კიდევ უფრო გაიზარდა – მდიდრები კიდევ უფრო გამდიდრდნენ, ღარიბები კი კიდევ უფრო გაღარიბდნენ.

დღევანდელობაში კომპანიის ხელმძღვანელი დაახლოებით 271–ჯერ მეტ ხელფასს იღებს, ვიდრე საშუალო თანამშრომელი – ამბობს ჯინ ტვენჯერი. მისი თქმით, ეს 1978 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 30–ჯერ მეტია. მაგრამ თუ ადრე უმაღლესი განათლების არმქონე ადამიანისთვის სახლის ყიდვა და ოჯახის უზრუნველყოფა უფრო ადვილი იყო, ახლა ეს ბევრად გართულდა.

როგორც კვლევის ავტორი ამბობს, მდიდრებსა და ღარიბებს შორის უფსკრული იზრდება. მათი რიცხვი კი, ვინც საშუალო კლასს მიეკუთვნება იკლებს. ნაწილობრივ ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანის ძირითად მოთხოვნილებათა ღირებულება, როგორიც არის საცხოვრებელი, განათლება, ჯანდაცვა – უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ინფლაცია. ამასთან, ხელფასები ადეკვატურად არ გაზრდილა, მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლები უფრო ნაყოფიერად მუშაობენ.

გარდა ამისა, ბედნიერების დონეში ცვლილებები შესაძლოა დაკავშირებული იყოს იმასთან, თუ რამდენი ადამიანია დაქორწინებული. ტვენჯერის თქმით, ადამიანები, რომლებმაც ოჯახი შექმნეს როგორც წესი უფრო ბედნიერად გრძნობენ თავს, ვიდრე მარტოხელები.

1970–იან წლებში ქორწინებების პროცენტი საზოგადოების სხვადასხვა კლასში ფაქტიურად არ განსხვავდებოდა. მაგრამ ახლა უფრო მაღალშემოსავლიანი და კარგი განათლების მქონე ადამიანები ოჯახს უფრო ხშირად ქმნიან, ვიდრე დანარჩენები.