საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მომზადების მცდელობის საქმის შესახებ ტვ პირველზე ისაუბრა.
გიორგი გაბუნიას მიმართ ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მუქარის შესახებ დასმულ შეკითხვას, „მისი მუქარა არ მიგითითებთ, რომ სწორედ, რუსეთის ფედერაციიდან მოდის ეს საფრთხე?“ დეკანოზი პასუხობს: „რა ჩემი კომპეტენცია არის ასეთი დასკვნების გაკეთება, თუმცა გეტყვით, რომ ჩემ მიმართ ყოფილა ძალიან ბევრი მუქარა, დევს ეს ღია სივრცეში, მაგრამ მე თუ რამე დამემართება, ეს არ ნიშნავს, რომ ვისგანაც მოდიოდა ეს მუქარა, მაინცდამაინც იმის ბრალია“.
მისივე თქმით, წინასწარი დასკვნის გაკეთებისგან თავს შეიკავებს.
„როდესაც ამ საქმის დეტალები უცნობია, როგორ უნდა გავაკეთოთ რაიმე დასკვნა წინასწარ. თუ რეალურად ამ საფრთხის შემცველი იყო ეს მოვლენა და ეს აღკვეთილი არის ახლა, ძალიან კარგია და მისალოცია ყველასთვის, რომ არ მოხდა რაღაც უბედურება. სხვა შემთხვევაში, იმისთვის, რომ შეფასება გაკეთდეს, უნდა უტყუარი გამოძიების დასკვნები დაიდოს ალბათ“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.
ამ კომენტარს გამოეხმაურა თეოლოგი ბასილ კობახიძე, რომელმაც თქვა, რომ საპატრიარქომ დაიჩოქა.
“კადიროვმა დაიჩოქოს გაბუნიამო და საპატრიარქომ დაიჩოქა. რამე კი არა, უბრალოდ ინსტიქტურად, ეგ მაგათი ბუნებრივი პოზაა უფროსი მართლმადიდებელი ძმების მიმართ”,- წერს კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ რამზან კადიროვი გიორგი გაბუნიას გუშინ კიდევ ერთხელ დაემუქრა და მოუწოდა, დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს.
“გიორგი გაბუნიას ურჩევნია მუხლებზე დადგეს და ბოდიში მოიხადოს. მან შეურაცხყოფა მიაყენა არა ერთ ადამიანს, არამედ რუსეთის ყველა მოქალაქეს. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები ამ ადამიანის აღსაზრდელად. პირადად ამ ადამიანს კი მოვუწოდებ, სწორი დასკვნები გამოიტანოს და გონს მოვიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ჩემი პირადი მტერი გახდება“, – განაცხადა კადიროვმა.